ირაკლი ღარიბაშვილი - რუსეთში მილიონი ქართველია, მგონი, პირდაპირი ფრენები ჩვეულებრივი ამბავია, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთთან რამე პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ
ჩვენ არ გვითქვამს, რომ შევაჩერებდით ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან. ბევრ ქვეყანას აქვს ფრენები რუსეთთან, მაგრამ ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არცერთი სანქცირებული კომპანია, არცერთი სანქცირებული ავიახაზი არ იფრენს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველო ამ პოზიციას მტკიცედ შეინარჩუნებს.
„ამერიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის და ძალიან მადლობელი ვართ ყველაფრისთვის, რაც ამერიკას გაუკეთებია ჩვენთვის და ევროპისთვის. ძალიან მადლიერი ვართ ევროპის მიმართ. საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები, ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები. როგორც განვმარტე, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, მილიონი ქართველი გვყავს, ეთნიკურად ქართველი, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ დიასპორის სახით და პირდაპირი ფრენები რუსეთთან, მგონი, ჩვეულებრივი ამბავია. თან ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე სახის პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ რუსეთთან. როგორც ვახსენე, ეს არის ჩვენი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემადგენელი, ისევე, როგორც ევროკავშირი და ამერიკა აკეთებს რუსეთთან. რუსეთთან არის ჩვეულებრივი სავაჭრო ურთიერთობები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.