ირაკლი ღარიბაშვილი - რუსეთ-უკრაინის ომის დროს არც ერთ ქვეყანაში არ მოუთხოვიათ მთავრობის გადადგომა, სამწუხაროდ, საქართველოში ეს იყო ორგანიზებული ანტიეროვნული ძალების მიერ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დროს მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ გამართულა საპროტესტო აქციები და არ მოუთხოვიათ მთავრობის გადადგომა.
მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული და ასეთ ვითარებაში, როცა სიტუაცია არის ძალიან არაპროგნოზირებადი, მოწყვლადი მთელი რეგიონის და ევროპის მასშტაბით, მიუღებელი და გაუგებარი იყო ანტისახელმწიფოებრივი აქციები.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, აქციები იმ ძალების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებიც წლებია, ატარებენ ანტიეროვნულ პოლიტიკას.
„სამწუხარო რეალობაა, რომ მთელ მსოფლიოში, არც ერთ ქვეყანაში, ისეთ ვითარებაში, რომელიც ახლა არის უკრაინაში, ანუ, რუსეთ-უკრაინის ომის დროს მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ გამართულა საპროტესტო აქციები და არ მოუთხოვიათ მთავრობის გადადგომა. მითუმეტეს, ჩვენი სიტუაცია არის განსაკუთრებული და უნიკალური. ჩვენ ვართ ოკუპირებული, ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული და რუსის ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ ვცხოვრობთ რუსულ ჯართან ერთად და ამ დროს, ასეთ ვითარებაში, როცა სიტუაცია არის ძალიან არაპროგნოზირებადი, მოწყვლადი სიტუაციაა მთელი რეგიონის და მთელი ევროპის მასშტაბით, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარი იყო ის ანტისახელმწიფოებრივი აქციები, რომლებიც იმართებოდა. აქვე, მინდა, ვთქვა, რომ ჩემთვის, პირადად მოქალაქისთვის, აბსოლუტურად მიუღებელია აღნიშნული. სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, ეს, რა თქმა უნდა, იმ ძალების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებიც წლებია, უკვე ატარებენ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ პოლიტიკას. ეს არის მოღალატეობრივი პოლიტიკა, ეს არის მეხუთე კოლონა, ეს არის შულავერის კომიტეტი, რომელიც საქართველოში მოქმედებს. ამიტომ ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის ინტერესს დავიცავთ ბოლომდე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.