საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Rothschild & Co-ის მმართველ დირექტორს, არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს.
„პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი ინტენსიურად მუშაობს მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე, რომლის შეთავაზებაც უცხოელი ინვესტორებისთვის უახლოეს მომავალში იგეგმება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საუბარია როგორ ტურისტულ, ასევე ლოგისტიკურ და ინდუსტრიულ პროექტებზე, მათ შორის ფინანსური ცენტრების შექმნაზე და საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ინვესტირებით დაინტერესებულ ბიზნესის წარმომადგენლებს. შეხვედრას ესწრებოდა უცხოური ინვესტიციების მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის ინფორმაციაში.