ირაკლი ღარიბაშვილი - რომ არა ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნების" გამარჯვება იყო შეუძლებელი, ეს ყველას უნდა ახსოვდეს
რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების,” როგორც პოლიტიკური პარტიის გამარჯვება იყო აბსოლუტურად შეუძლებელი და წარმოუდგენელი, ეს ყველას უნდა ახსოვდეს, – ამის შესახებ მმართველ პარტიაში დაბრუნებულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „პირველის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნება” არ იარსებებდა და ვერ შეიცვლებოდა სააკაშვილის რეჟიმი.
„ჯერ ერთი – ეს პარტია არ იარსებებდა და მეორე – რომ არ ყოფილიყო ლიდერი გამაერთიანებელი პროცესების, რა თქმა უნდა, ვერ შეიცვლებოდა სააკაშვილის რეჟიმი. ეს ყველას უნდა ახსოვდეს, ვინც არის პარტიის წევრი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, მართალია, 2012 წელს ხელისუფლების ცვლილება მოხდა ხალხის მეშვეობით, თუმცა ხალხს სჭირდებოდა ლიდერი.
„რა თქმა უნდა, ეს მოხდა ჩვენი ხალხის მეშვეობით, მაგრამ ხალხს ყოველთვის სჭირდება ლიდერი. ლიდერი, რომელიც გააერთიანებს და კონსოლიდაციას გაუკეთებს პოლიტიკურ პროცესებს. ეს ლიდერი იყო, არის და იქნება ბიძინა ივანიშვილი, რომლის თაოსნობით მთელ ამ პროცესებს გაუკეთდა ორგანიზება. მართლაც შეუძლებელი შევძელით ჩვენ ყველამ ერთად, რა თქმა უნდა, ხალხთან ერთად. ჩვენ მაშინ ხალხს მივეცით დაპირებები”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება” კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს, ვიდრე იყო 2012 წელს.
„ეს არის ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც პარტიის თავმჯდომარეს აქვს და ჩვენ ყველანი ერთხმად ვიზიარებთ ამ გეგმას. მისი მთავარი მიზანი და ზოგადად, ჩვენი დაბრუნების მიზანი არის, პარტია გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე იყო, ჩვენი ყველა ის დაპირება, რომელიც მივეცით მოსახლეობას, პირნათლად შევასრულოთ და ვიყოთ აბსოლუტურად პირნათელი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე. მეშვიდე წლის თავზე ძალიან გვიანი ხომ არ არის? – არა არის გვიან, არასოდეს არ არის გვიან.
მინდა, ქრონოლოგიურად გავყვე უბრალოდ მთელ ამ პროცესს, როგორ ვითარდებოდა მთელი ეს მოვლენები. მოდით, თქვენთან ერთად უბრალოდ ანალიზი გავუკეთოთ, მოკლედ შევაჯამოთ მთელი ეს განვლილი პერიოდი. მოგეხსენებათ, რომ 2011 წელს, მაშინ როცა ბიძინა ივანიშვილი მოვიდა პოლიტიკაში, მე ვიყავი ჩართული პირველივე დღიდან, და ასევე პარტიის სხვა წევრებიც, ჩვენ მართლაც ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ, და რა თქმა უნდა, ეს უნდა აღინიშნოს ყოველთვის ხაზგასმით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.