ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილის განცხადება არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მტრობა
ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილის განცხადება არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მტრობა

რა ჰქვია ამას, თუ არა მტრობა საკუთარი ქვეყნის და ხალხის? იგივე ხელწერა გრძელდება დღემდე. ეს ადამიანები, ვინაიდან საკუთარ ხალხს, მოსახლეობას ვეღარ ელაპარაკებიან, იციან, რომ ყველა არჩევნებში სასტიკად მარცხდებიან, ამიტომ გადასული არიან ასეთ მავნებლურ პოლიტიკაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილმა ევროკავშირს მოუწოდა, შეუწყვიტოს საქართველოს ფინანსური დახმარება.

ღარიბაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მავნებლურ საქმიანობას ეწევა.

ირაკლი ღარობაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მსგავს საქმიანობას ეწეოდა მაშინაც, როდესაც საქართველოს უვიზო რეჟიმი უნდა მიეღო.

„როგორ შეიძლება სერიოზული კომენტარი გავაკეთო ასეთი მავნებელი, არასერიოზული კაცის განცხადებაზე. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჩვენი მთავრობა მუშაობდა აქტიურად უვიზო რეჟიმის მიღებაზე, მაშინ მიზანმიმართული, ანტისახელმწიფოებრივი მუშაობა მიმდინარეობდა, რომ როგორმე არ მიეღო ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქვეყანას უვიზო რეჟიმი. რა ჰქვია ამას, თუ არა მტრობა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის? იგივე ხელწერა გრძელდება დღემდე. ეს ადამიანები, ვინაიდან საკუთარ ხალხს, მოსახლეობას ვეღარ ელაპარაკებიან, იციან, რომ ყველა არჩევნებში სასტიკად მარცხდებიან, გადასული არიან ასეთ მავნებლურ პოლიტიკაზე, რომ რამენაირად პრობლემები შეუქმნან ჩვენს სახელმწიფოს და მოქალაქეებს. ეს არის მტრობა ქვეყნის და ამ მტრობას კიდევ ერთხელ დავუსვამთ წერტილს 2 ოქტომბერს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, რადგან ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში დამატებით მილიარდი ლარის აკუმულირება მოხდა.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კობახიძის საპასუხოდ განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს ფინანსური დახმარება მართლაც უნდა შეუწყვიტოს.

„ჯერ ერთი, თუ ერთი მილიარდი ლარი გაქვთ გადანახული თქვე უდღეურებო, რატომ არ ურიგებთ გაღატაკებულ და გაძვალტყავებულ ხალხს?! მთავარი, რაც ხდება პირველად თავის ისტორიაში, საქართველო რჩება ევროკავშირის ფინანსური დახმარების გარეშე. აი რას მიაღწიეს ამათ, იმ დემოკრატიით, რომლითაც ევროპა უნდა განეცვიფრებინათ, მაგრამ მე მინდა მართლაც მოვუწოდო ევროკავშირს, შეუწყვიტოს ამ რეჟიმს ფინანსური დახმარება იმიტომ, რომ ქართველ ხალხამდე არაფერი არ აღწევს, ელიტური კორუფციის გამო“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.