ირაკლი ღარიბაშვილი - როგორ შეიძლება, ანაკლიის პორტზე საუბრობდეს ხაზარაძე, რომელმაც ჩააგდო ეს პროექტი, ფიასკო განიცადა, ამის შემდეგ წავიდა და სახელმწიფოს ედავება მილიარდ 500 მილიონ დოლარს
დღეს როგორ შეიძლება, ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრობდეს ადამიანი, რომელმაც ჩააგდო ეს პროექტი, ვგულისხმობ მამუკა ხაზარაძეს, ხაზარაძემ ჩააგდო ეს პროექტი, ვერ ააშენა ეს პორტი, ხუთი თუ ექვსი წელი გავიდა, ელოდებოდა სახელმწიფო და ვერ მოიტანა დაფინანსება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე დღეს სახელმწიფოს მილიარდ 500 მილიონ დოლარს ედავება.
„როგორც ვიცი, თავად სამი მილიონი აქვს ჩადებული და სხვებს ჩაადებინა თუ არ ვცდები, 20 მილიონი, დაღუპა ეს ადამიანები. სრული ფიასკო განიცადა მისმა ამ პროექტმა. ამის შემდეგ კაცი წავიდა და დღეს ქვეყანას ედავება მილიარდ 500 მილიონ დოლარს. კაცი, რომელიც ჯერ ძარცვავდა ჩვენს მოსახლეობას, ბინებს ართმევდა ადამიანებს, ბიზნესების რეკეტში იყო ჩართული სააკაშვილის დროს. მის ბანკში ხდებოდა გადაფორმება. დღეს მილიარდ 500 მილიონ დოლარს ედავება ჩვენს სახელმწიფოს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.