ირაკლი ღარიბაშვილი - როცა გიორგი ანწუხელიძისნაირი გმირები თავგანწირვით იბრძოდნენ, ყველამ ვნახეთ დიდი ეროვნული სირცხვილი, ყოფილი პრეზიდენტის სიმხდალე, რაც ქართველ კაცს არ ახასიათებს
ჩვენ ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მუნიციპალიტეტში ვიმყოფებით. აი, იმ დროს, როცა გიორგისნაირი გმირები თავგანწირვით იბრძოდნენ აგვისტოს ომში, ჩვენ, ყველამ ერთად ვნახეთ დიდი ეროვნული სირცხვილი – ყოფილი პრეზიდენტის, იმ დროს მთავარსარდლის სიმხდალე, რაც ქართველ კაცს არ ახასიათებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის უსამართლო, უღირსმა ხელისუფლებამ ქართველ ხალხს ის უდიდესი განსაცდელი, ტრაგედია ვერ ააცილა, რომელიც საქართველოში რვა აგვისტოს დატრიალდა.
„მინდა, ჩემს გამოსვლაში რამდენიმე აქცენტი გავაკეთო აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ვინაიდან, ეს ჩვენ მოგვწონს თუ არა, რა თქმა უნდა, ყველას ტკივილია, ჩვენი ტრაგედიაა. 12 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან და კარგად გვახსოვს ის ტრაგიკული დღეები, დიდი ტკივილი, რომელიც თითოეულმა ქართველმა განიცადა. საუბედუროდ, სააკაშვილის უსამართლო, უღირსმა ხელისუფლებამ ვერ აგვაცილა ეს უდიდესი განსაცდელი და ჩვენ, შედეგად მივიღეთ დამატებით ტერიტორიების დაკარგვა დროებით, ოკუპაცია, რაც ყველაზე მძიმე შედეგია ამ ომის. კოდორი, რომელიც რატომღაც დაავიწყდათ ამ დესტრუქციულ ოპონენტებს, ახალგორი, 100-ზე მეტი სოფელი, ათი ათასობით დევნილი, გაუბედურებული და, რა თქმა უნდა, ოჯახებდანგრეული და სახლებიდან აყრილი ჩვენი მოქალაქეები. აი, ეს არის ის მძიმე მემკვიდრეობა მეგობრებო, რომელიც ჩვენ სულ რაღაც რვა წლის წინ გადმოგვებარა და გადმოგვებარა არა შემთხვევით და ვინმეს კეთილი ნებით, არამედ თქვენი ძალით, ხალხის ძალით და ჩვენი ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. აქ ვიმყოფებით ჩვენი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მუნიციპალიტეტში. დიდება მის სახელსა და ხსოვნას. აი, იმ დროს, როცა გიორგისნაირი გმირები თავგანწირვით იბრძოდნენ აგვისტოს ომში, ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ დიდი ეროვნული სირცხვილი – ყოფილი პრეზიდენტის იმ დროს მთავარსარდლის სიმხდალე, რაც ქართველ კაცს არ ახასიათებს. ქართველი კაცის გულში და სულში არის სულ სხვა ბრძოლის მუხტი, სხვა სულია. ჩვენ ვიხილეთ დიდი ტრაგედია, ეროვნული სირცხვილი – მიწაზე გართხმული მთავარსარდალი, რომელიც დღესაც უნამუსოდ და უსირცხვილოდ აცხადებს პრეტენზიას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი მიზანი და ჟინი, ძალაუფლებაა.
მისივე თქმით, ის მემკვიდრეობა, მძიმე წარსული, რეპრესიები, ტერორი, რაც ჩვენმა ხალხმა აგვისტოს ომის შემდეგ გადაიტანა, საქართველოში აღარასოდეს დაბრუნდება.
„მას ერთადერთი მიზანი და ჟინი ამოძრავებს – ძალაუფლება. ძალაუფლება, რომელსაც ვერ ივიწყებს ვერც ის და ვერც მისი კორუმპირებული გუნდი, რომელმაც ქვეყანას ამდენი უბედურება მოუტანა. ის მოჩვენებითი პირველი წლების მოძრაობა, რომელიც მათ შექმნეს. შექმნეს იმისთვის, რომ ჩვენი ხალხი დიდ სიცრუეში შეეყვანათ, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ ის რეპრესიები, ის ტერორი, რაც ჩვენმა ხალხმა გადაიტანა, არის ძალიან მძიმე წარსული, რომელიც აღარასოდეს აღარ დაბრუნდება. იმ დროს, როდესაც ჩვენი გმირები იღუპებოდნენ ბრძოლის ველზე, ეს სამარცხვინო ადამიანი მიწაზე იყო გართხმული“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აგვისტოს ომის დღეებში გამართული უშიშროების საბჭოს სხდომის კადრებიც გაიხსენა.
მისი თქმით, იმ დროს, როცა ქართველი ახლგაზრდები ბრძოლის ველზე იხოცებოდნენ, სააკაშვილი ხუმრობისა და სიცილის ხასიათზე იყო.
„გუშინ აგვისტოს კადრები ვნახე შემთხვევით, როცა იგი ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომას ატარებდა თავის მინისტრებთან ერთად. იმ დროს, როცა ჩვენი ბიჭები ბრძოლის ველზე იხოცებოდნენ, ის ხუმრობდა, იცინოდა. მათთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა არც იმ ომს, არც ტერიტორიების დაკარგვას, არც ოკუპაციას. მათ სულ სხვა რაღაც მიზანი ამოძრავებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.