ირაკლი ღარიბაშვილი - როცა დავინიშნე პრემიერად, ჯანმო-ს გენერალურ დირექტორთან მქონდა ნაცნობობა და მისი უშუალო შუამავლობით დავუკავშირდი „ფაიზერის“ პრეზიდენტს, დღეს მივიღეთ მილიონზე მეტი „ფაიზერი“ საქართველოში
როცა მე დავინიშნე პრემიერ-მინისტრად, ვაქცინები არ ჩამოვიდა საქართველოში, პირდაპირ მომწოდებლებთან დავიწყეთ მუშაობა, ჯანმოს გენერალურ დირექტორთან მქონდა ნაცნობობა და მისი უშუალო შუამავლობით დავუკავშირდი „ფაიზერის“ პრეზიდენტს, მაქსიმალურად დავაჩქარეთ პროცესი და დღეს მივიღეთ მილიონზე მეტი „ფაიზერი“ საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წალკაში „ქართული ოცნების“ წალკის მერობის კანდიდატის ილია საბაძის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მე გითხარით, რომ ვაქცინები ხუთი თვის წინ არ იყო. ველოდებოდით COVAX-ის პლატფორმას, ეს პლატფორმა არის საერთო პლატფორმა, რომლისგანაც ყველა ქვეყანა ელოდებოდა ვაქცინებს, მაგრამ მოხდა დაგვიანება და ვაქცინები იმ დროისთვის, როცა მე დავინიშნე პრემიერ-მინისტრად, არ ჩამოვიდა საქართველოში. მე გადავწყვიტე მაშინ, დავავალე კაბინეტს და დავიწყეთ პირდაპირ მწარმოებლებთან, მომწოდებლებთან მუშაობა. მაშინ კომუნიკაციაზე საერთოდ არავინ არ გამოდიოდა. კვირების განმავლობაში ელოდებოდნენ პასუხს მეილით. მე მქონდა ნაცნობობა, ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, ჯანმოს გენერალურ დირექტორთან, რომელიც იმ დროს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მასთან მქონდა პირდაპირი კომუნიკაცია, მისი დახმარებით, მისი უშუალო კომუნიკაციითა და შუამავლობით დავუკავშირდი „ფაიზერის“ პრეზიდენტს, მწარმოებელი კომპანიის პრეზიდენტს, რომელმაც საკუთარი ადმინისტრაციის უფროსის ჩართულობით, ჩემს აპარატთან, ჩემს ადმინისტრაციასთან, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან, მაქსიმალურად დავაჩქარეთ პროცესი და დღეს მივიღეთ მილიონზე მეტი „ფაიზერი“ საქართველოში. მილიონი ცალკე, რომელიც ჩვენ ვიყიდეთ და ნახევარი მილიონი პრეზიდენტ ბაიდენის საჩუქარი საქართველოსთვის“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პირველივე დღეებიდან იყო საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანის მომხრე, რადგან ჯანმოს გენერალური დირექტორისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ ჩინური ვაქცინების ავტორიზაციის საკითხი დროის ამბავი იყო. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იმ დროს ვაქცინებზე მოთხოვნა გაზრდილი იყო და იმისთვის, რომ ვაქცინის მიწოდება არ შეფერხებულიყო, უშუალო კომუნიკაცია ჰქონდა ჩინეთის პრემიერთან.
„მაშინ იყო დილემა, ასეთი კითხვა არსებობდა ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით. პირველივე დღეებიდან ვიყავი მომხრე და ჩემი ინიციატივა იყო სწორედ ჩინური ვაქცინების შემოტანა საქართველოში. იმიტომ, რომ ისევ ჩემი კარგი მეგობრის და ნაცნობის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის რჩევით, პრივატულ საუბრებში მან მითხრა, რომ ორივე ჩინური ვაქცინა იქნება აღიარებული უახლოეს კვირებში და თვეებში, დროის ამბავია. მე მაშინ დავავალე მთავრობას და დავუკვეთეთ „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინები. ახლა რა ხდებოდა ამ პროცესში. მოთხოვნა იყო საკმაოდ გაზრდილი, ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ბევრს ჰქონდა და არა მხოლოდ ჩვენ, ამიტომ მოწოდებასთან დაკავშირებით შეფერხება იყო. ჩინეთის პრემიერთან მქონდა კომუნიკაცია, შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ მილიონნახევარი ჩინური ვაქცინა დღეს არის საქართველოში. ანუ, საუკეთესო ვაქცინების მობილიზება შევძელით უმოკლეს დროში. ეკონომიკა გავხსენით და ყველა რეიტინგით, პარამეტრით დავუბრუნდით, ვუბრუნდებით პანდემიამდელ მდგომარეობას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.