ირაკლი ღარიბაშვილი - რიკოთის მსგავსი მასშტაბის და სირთულის პროექტები ქვეყანაში არ განხორციელებულა, მეტიც, ეს არის ევროპის მასშტაბით გამორჩეული პროექტი
რიკოთის მონაკვეთზე შენდება 96 ხიდი და 53 გვირაბი, ასეთი მასშტაბის და ამ სირთულის პროექტები ქვეყანაში არ განხორციელებულა, მეტიც, ეს არის ევროპის მასშტაბით მართლაც გამორჩეული პროექტი, ჯდება 2 მილიარდ ლარზე მეტი და პროექტი სრულად დასრულდება 2024 წელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს რიკოთზე განუცხადა, სადაც ახალი მაგისტრალის უბისა-შორაპნის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
მთავრობის მეთაურის თქმით, შედეგად, მოქალაქეები თბილისიდან ბათუმში სამ სააათში გადაადგილდებიან.
„3 საათში გახდება შესაძლებელი თბილისიდან ბათუმში ჩასვლა. გარდა ამისა, მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მასშტაბურ სამუშაოებს ყველა მიმართულებით. ყველა რეგიონის მიმართულებით ვიწყებთ ახალი მაგისტრალების მშენებლობას, იქნება ეს კახეთის მაგისტრალი, სამხრეთის მონაკვეთის დასრულება თუ ა.შ. ეს მონაკვეთი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ არის შემადგენელი ნაწილი აღმოსავლეთ-დასავლეთის მთავარი მაგისტრალის, რომელიც იწყება ბრესტიდან და მთავრდება ჩინეთის საზღვრამდე. სწორედ ჩვენი მონაკვეთია უმნიშვნელოვანესი, ეს არის 388-კილომეტრიანი მონაკვეთი. რა თქმა უნდა, ჩვენ მოხარული ვართ, რომ აქ დასაქმებული მოქალაქეების 70% ქართველია, ისინი ძალიან დიდ გამოცდილებას იღებენ. მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ირაკლი ქარსელაძეს ძალიან წარმატებული მუშაობისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრს და სამშენებლო კომპანიის თანამშრომლებს ინტენსიური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს არის საუკუნის პროექტი.
„მინდა, ბატონო ირაკლი, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენს გუნდს ასეთი ინტენსიური მუშაობისთვის. ეს არის მართლაც საუკუნის პროექტი, ასეთი პროექტი ჩვენს ქვეყანაში არ განხორციელებულა და შეიძლება ითქვას, რომ სირთულის მიხედვით მთელს ევროპაში გამოირჩევა. ამ პროექტის დასრულების შემდეგ, ჩვენს მოქალაქეებს თბილისიდან ბათუმში დაახლოებით 3 საათში შეეძლებათ ჩასვლა“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც აღინიშნა, რიკოთის მაგისტრალური გზა, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალისა და ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, საქართველოს ლოგისტიკურ და სატრანზიტო ჰაბად ფორმირებისთვის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.
ოფიციალური ინფორმაციით, სექტემბერში ახალი გზის 2 კმ-იანი მონაკვეთის გახსნა იგეგმება, რომელიც 6 ხიდისა და 3 გვირაბისაგან შედგება.
„კოვიდ-19“-ის პანდემიის მიუხედავად, რიკოთის უღელტეხილზე სამუშაოები არ შეჩერებულა, პროექტებზე 4 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმეტესობა საქართველოს მოქალაქეა. სამშენებლო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იან, ხევი-უბისას 12.2 კმ-იან, უბისა-შორაპნის 13 კმ-იან და შორაპანი-არგვეთას 14.7კილომეტრიან მონაკვეთებზე. პარალელურად 71 ხიდი და 47 გვირაბი შენდება, საიდანაც 8 გვირაბი უკვე გაჭრილია და მათი მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. უწყვეტ რეჟიმში გრძელდება სამუშაოები რიკოთის არსებული საუღელეტეხილო გვირაბის პარალელურ გვირაბზე, რომელიც ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე მდებარეობს.
საერთო ჯამში რიკოთზე დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის დასრულება ეტაპობრივად 2021-2024 წლებშია დაგეგმილი. რიკოთის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაადგილების სიჩქარე გაიზრდება და არაერთ მონაკვეთზე თითქმის გაორმაგდება, თბილისიდან ბათუმში მგზავრობას კი 3–3.5 სთ დასჭირდება. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში სპეციალური სივრცეები მოეწყობა, სადაც მიმდებარე სოფლების მოსახლეობას საკუთარი ნაწარმის გაყიდვის საშუალება ექნება. მსგავსი ტიპის სავაჭრო მოედნები მოეწყობა სურამში, შროშასა და ზესტაფონში. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა“, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.
პრემიერ-მინისტრთან ერთად, უბისა-შორაპნის მონაკვეთზე ასევე იმყოფებოდნენ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.