ირაკლი ღარიბაშვილი - რეკომენდაციების განსაზღვრის შემდეგ, სამწუხაროდ, პოლარიზაციამ მოიმატა, რადგან რადიკალური ძალებისთვის სტატუსი მთავარი სასპეკულაციო საგანია და ცდილობენ, საბოტაჟი მოაწყონ
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც რეკომენდაციები განისაზღვრა, სამწუხაროდ, პოლარიზაცია არათუ შემცირდა, არამედ მოიმატა, რადგან რადიკალური ძალები ცდილობენ, საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს, სწორედ მათთვის არის ერთ-ერთი მთავარი სასპეკულაციო საგანი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯოზეფ ბორელთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, დეპოლარიზაცია კომპლექსური და რთული საკითხია.
„რჩება კიდევ ერთი შეუსრულებელი რეკომენდაცია, რომელიც არის დეპოლარიზაცია. დამეთანხმებით, რომ ეს არის ძალიან კომპლექსური და რთული საკითხი. ზოგადად, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი დემოკრატიისთვის დამახასიათებელია განსხვავებული აზრი და ჩვენ ამას ძალიან დიდ პატივს ვცემთ. ჩვენთან არსებობს მრავალპარტიული პარლამენტი, 2020 წელს პარლამენტში შევიდა ცხრა პარტია. გვაქვს თავისუფალი მედია, ძალიან ძლიერი ოპოზიციური არხები, მედიასაშუალებები და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ პოლარიზაცია შემცირდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენს ნებასა და სურვილზე არ არის დამოკიდებული ამ საკითხის დარეგულირება.
მთავარი, მინდა, ვთქვა: სამწუხაროდ, რასაც დავაკვირდით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც რეკომენდაციები განისაზღვრა, პოლარიზაცია არათუ შემცირდა, არამედ პირიქით, მოიმატა, რადგან საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები, თავიანთი ბუნებით, გამოცდილებით, ვგულისხმობ წინა ხელისუფლების პარტიას, ყველაზე ანტიევროპული ძალები ცდილობენ, საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს. სწორედ მათთვის არის ერთ-ერთი მთავარი სასპეკულაციო საგანი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამას იყენებენ რადიკალური ძალები, რათა მოახდინონ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამიტომ მე მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია აბსოლუტურად მზად იყო, არის და მომავალშიც იქნება, ვითანამშრომლოთ, მათ შორის ყველა ოპოზიციურ ძალასთან, რომ საერთო, ეროვნული იდეა განხორციელდეს, საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს ევროკავშირს, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამავდროულად, ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ჩვენი ხალხისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.