ირაკლი ღარიბაშვილი - რაღაც წვალობს ბატონი მელია, როგორც ჩანს, ვერ ჩამოყალიბებულა, უნდა თუ არა გირაოს გადახდა
ყველა ის მოქალაქე, რომელიც ღიად აცხადებს, რომ არ ემორჩილება კანონს, არ ემორჩილება სახელმწიფო ინსტიტუტებს, აქ პასუხი არის ძალიან მარტივი – სახელმწიფო მოქმედებს კანონების შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ყოვლად მიუღებელია განცხადებები, რომლებიც დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლის მხრიდან ისმის.
„გვარს არ აქვს მნიშვნელობა მელია იქნება ეს თუ სხვა გვარის წარმომადგენელი, მე შემდეგი რან მინდა ვთქვა. ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც იმართება კანონებით. შესაბამისად, ყველა მოქალაქე, რომელიც ღიად აცხადებს, რომ არ ემორჩილება კანონს, არ ემორჩილება სახელმწიფო ინსტიტუტებს, აქ პასუხი არის ძალიან მარტივი – სახელმწიფო მოქმედებს კანონების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ყოვლად მიუღებელია ის უტიფარი განცხადებები, რომელიც ჩვენ ამ დესტრუქციული ოპოზიციის წამომადგენლების მხრიდან მოვისმინეთ ამ დღეების განმავლობაში. რაღაც წვალობენ და წვალობს ბატონი მელია როგორც ჩანს, ვერ ჩამოყალიბებულა უნდა გადაიხადოს გირაო, თუ არ უნდა. ნაკლებად საინტერესოა. საინტერესო არის ის, თუ როგორ დროულად აღმოვფხვრათ ის პრობლემები, რომელიც ჩვენი მოსახლეობის წინაშე დგას. ეს არის კოვიდ პანდემია. ეს არის უმუშევრობა, ეკონომიკური პრობლემები და ა.შ. ყველა მოქალაქე განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, თუ სხვა კუთვნილებისა უნდა დაემორჩილოს კანონს. კანონი აღსრულდება და კანონი იმუშავებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.