ირაკლი ღარიბაშვილი - რადიკალურ ოპოზიციას თუ სურს კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგი, ამისთვის მზად ვართ, მაგრამ ნაცვლად პოლარიზების დასრულებისა, ყოველდღე ხელს უწყობენ პოლარიზების გაღვივებას
რადიკალურ ოპოზიციას თუ სურს კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგი, ამისთვის მზად ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისვე თქმით, ბევრი კონსტრუქციული ნაბიჯის მიუხედავად, რადიკალური ოპოზიცია არ თანამშრომლობს ხელისუფლებასთან ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში.
„ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ხელწერა ყველასთვის ცნობილია. ჩვენი საჯარო შეთავაზების, ჩვენ მიერ გადადგმული ძალიან ბევრი კონსტრუქციული ნაბიჯის მიუხედავად, თქვენ ნახეთ და ყველანი გავხდით მომსწრენი, რომ რადიკალური ოპოზიცია არ თანამშრომლობს ხელისუფლებასთან. რა თქმა უნდა, მათი სურვილი არ არის კანდიდატის სტატუსის მიღება.
აქვე მინდა, შევახსენო ყველას, რომ სწორედ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს სამი წლის დაგვიანებით იქნა დაწყებული ასოცირების შეთანხმების პროცესი, უვიზო რეჟიმის, თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებები. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ მათი რეალური მიზანი არ არის ჩვენი ევროპული გზა. ერთადერთი, რაც მათ ამოძრავებთ, ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით დაბრუნებაა, რაც, რა თქმა უნდა, დასრულდა ფიასკოთი და ყოველთვის დასრულდება, რადგან ჩვენ ვართ ძლიერი ხელისუფლება. ჩვენ არ დავუშვებთ არავის პროვოკაციას და არავის მივცემთ საშუალებას, ქვეყანაში რაღაც არეულობა შემოიტანოს. თუ მათ სურთ, რეალურად თანამშრომლობა რაღაც გონივრული, პრაგმატული პოლიტიკის გათვალისწინებით და კონსტრუქციულ რეჟიმში უნდათ დიალოგის გამართვა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მაგრამ ვნახეთ, რომ ნაცვლად პოლარიზების დასრულებისა, ყოველდღე ხელს უწყობენ პოლარიზების გაღვივებას. მოგეხსენებათ, პარლამენტში აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესი მიმდინარეობს, სამუშაო ჯგუფები არის შექმნილი, მუშაობა დაწყებულია. ჩვენი მხრიდან რაც არის ჩვენზე დამოკიდებული, მაქსიმუმს გავაკეთებთ უმოკლეს ვადებში, რათა არც ერთ ჩვენს ევროპელ თუ ამერიკელ მეგობარს ჩვენზე არც ერთი კითხვა არ დარჩეს“, – განაცხადა პრემიერმა.