ირაკლი ღარიბაშვილი - რაჭის აქტივთან მოახლოებულ არჩევნებზე ვისაუბრეთ, გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობის აღების ამბიცია, ძალიან მაგარი განწყობაა ამ რეგიონში და შედეგი დაიდება
დღეს ჩვენი პარტიის რაჭის აქტივთან მოახლოებულ არჩევნებზე ვისაუბრეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველ გუნდს აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობის აღების ამბიცია და მიიჩნევს, რომ ამ რეგიონში მაღალი შედეგი დაიდება.
„მინდა, გითხრათ, რომ ამ რეგიონში ძალიან კარგი განწყობაა. ჩვენი მთავარი გზავნილი არის შემდეგი, პირველად იმართება სრულად პროპორციული არჩევნები, ამიტომ საჭიროა მაქსიმალური მობილიზება. სწორედ ამ საკითხებზე იყო საუბარი. იცით, ჩვენ გაცხადებული მიზანი გვაქვს და გვინდა მაქსიმალური შედეგის აღება. გვაქვს ამბიცია, ავიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობაც. ამ საკითხებზე იყო საუბარი, ასევე სხვა, მიმდინარე თემებზე ვისაუბრეთ ჩვენს ამომრჩეველთან, ჩვენი პარტიის აქტივთან. ვფიქრობ, ძალიან მაგარი განწყობაა და მაღალი შედეგი დაიდება ამ რეგიონში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.