ირაკლი ღარიბაშვილი - რაც ვიხილეთ, არც მკურნალობა იყო, არც ამის მცდელობა, გაუგებარი მოქმედება ჩაატარეს პოლონელმა ექიმებმა, ამიტომ არავითარი სურვილი აღარ გვაქვს, გავაგრძელოთ თანამშრომლობა
ჩვენმა მთავრობამ და პირადად მე ჟესტი გამოვხატეთ, მაგრამ ვინაიდან დაფიქსირებული იყო ასეთი არაორდინარული ქცევა და ძალიან საეჭვო იყო, ჩვენ არავითარი სურვილი აღარ გვაქვს, გავაგრძელოთ თანამშრომლობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა.
„პოლონელი ექიმების თემაზე, მინდა, კიდევ ერთხელ გავაკეთო კომენტარი. ეს ჩვენგან იყო ერთგვარი ჟესტი და იმის დადასტურება, რომ ჩვენ ერთგულნი ვართ ჩვენს მიერ გაცხადებული დაპირებისა თუ ნებისმიერი განცხადებისა, სიტყვისა. ჩვენ სიტყვას ვიცავთ, განსხვავებით სხვებისგან. შეგახსენებთ, ჩვენი განცხადება, შეთავაზება რა იყო: შეთავაზება იყო, რომ ჩვენ არ ვიქნებოდით და არ ვიქნებით წინააღმდეგი, რომ სააკაშვილის ოჯახმა ჩამოიყვანოს ნებისმიერი ექიმი ნებისმიერი კლინიკიდან, ადგილზე სამკურნალოდ. რაც ჩვენ ვიხილეთ ახლა, ეს არც ადგილზე მკურნალობა იყო, არც ამის მცდელობა, საერთოდ გაუგებარი მოქმედება ჩაატარეს პოლონელმა ექიმებმა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მანამდე ძალიან ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა.
„თქვეს, რომ კონფიდენციალური იყო, შემდეგ თავად გაავრცელეს ინფორმაცია და სამარცხვინო ფაქტი მოხდა – მალულად, ჩუმად გამოიტანეს ნიმუშები, რომლებიც მათ აიღეს პატიმარ სააკაშვილისგან. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. თავადვე მოახდინეს ამ პროცესის დისკრედიტაცია მთლიანად. რა თქმა უნდა, ყოველგვარი სანდოობა დაიკარგა ამ პროცესის მიმართ. ამიტომ გადავხედავთ ჩვენს მიდგომას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ექიმების ჩამოყვანა მხოლოდ ოჯახის ჩართულობით უნდა მომხდარიყო, თუმცა დაფიქსირდა პოლონური მხარის ჩართულობაც, რაზეც საქართველოს ხელისუფლებამ თვალი დახუჭა.
„მიუხედავად იმისა, რომ ვთქვით, მხოლოდ ოჯახის ჩართულობით უნდა მომხდარიყო ექიმების ჩამოყვანა, აქ პოლონელების ჩართულობაც დაფიქსირდა. ამის მიუხედავად, თვალი დავხუჭეთ. ასევე, რამდენიმე დღის წინ გავაკეთე კომენტარი, რომ პოლონეთში ახლა არის პოლიტიკური კამპანია. როგორც ჩანს, სააკაშვილის ყოფილი მეგობრები აქტიურად არიან ჩართული ამ კამპანიაში და ამ საკითხს იყენებენ შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში. ეს არის რეალობა. ჩვენ, ჩვენმა მთავრობამ და პირადად მე ჟესტი გამოვხატეთ ამით, მაგრამ ვინაიდან მათგან იყო დაფიქსირებული ასეთი არაორდინარული ქცევა და ძალიან საეჭვო იყო – საერთოდ ეს ყველაფერი ძალიან საეჭვოა – ამიტომ ჩვენ არავითარი სურვილი აღარ გვაქვს, გავაგრძელოთ თანამშრომლობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ძალაში რჩება შეთავაზება ოჯახის მიმართ ექიმების ადგილზე ჩამოყვანასთან დაკავშირებით.
„ვიმეორებ, ჩვენი შეთავაზება ძალაში რჩება ოჯახის მიმართ, ხაზს ვუსვამ, რომ ადგილზე ჩამოიყვანონ, თუ მაინცდამაინც უნდათ მკურნალობა, უმკურნალონ, რაც უნდათ, ის გაუკეთონ“, – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას. პენიტენციურმა სამსახურმა ინციდენტის ამსახველი კადრებიც გაავრცელა. ამასთან, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი. პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. გუშინ განცხადება გაავრცელა პოლონეთის საგარეო უწყებამ, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნება, სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა ემოციური განცხადებები ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს.