ირაკლი ღარიბაშვილი - კარგად გვახსოვს, როგორი სასამართლო ჩავიბარეთ 2012 წელს, ე.წ. მეოთხე ტალღის რეფორმამ უზრუნველყო ჩვენი მოსამართლეების კიდევ უფრო მეტი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე
ირაკლი ღარიბაშვილი - კარგად გვახსოვს, როგორი სასამართლო ჩავიბარეთ 2012 წელს, ე.წ. მეოთხე ტალღის რეფორმამ უზრუნველყო ჩვენი მოსამართლეების კიდევ უფრო მეტი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე

რაც ხდებოდა 2012 წელს და როგორი სასამართლო ჩავიბარეთ, ჩვენ კარგად გვახსოვს. მას შემდეგ, ე.წ. მეოთხე ტალღის რეფორმა განხორციელდა სასამართლოში, რამაც უზრუნველყო კიდევ უფრო მეტი ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე, უფრო მეტი ტრანსფარენტულობა, გამჭვირვალობა ჩვენი მოსამართლეების, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გურიაში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სასამართლოს ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სასამართლო გახდა რეალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და სრულად შეესაბამება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლო სისტემას.

„ჩვენ ჩვენი რეკომენდაციები, რაც მივიღეთ უცხოელი პარტნიორებისგან, არასამთავრობოებისგან, ჩვენი მეგობრებისგან, თითქმის ყველაფერი გავითვალისწინეთ პირველივე წლებში. მათი რეკომენდაცია იყო, რომ მოსამართლეებისთვის უზრუნველგვეყო გრძელვადიანი სტაბილურობა და მათი რეალური დამოუკიდებლობა. მათი პირველი მოთხოვნა და რეკომენდაცია იყო, რომ დაგვენიშნა ისინი სამუდამოდ, ჩვენ ეს გავაკეთეთ, 3, 4 ტალღის რეფორმები ჩავატარეთ. სასამართლო გახდა რეალურად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და რა თქმა უნდა, სრულად შეესაბამება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასამართლო სისტემას. ეს არის შეურაცხყოფა, თქვენ ინდივიდებს და ადამიანებს ნუ აყენებთ შეურაცხყოფას. მურუსიძის სასამართლო – რას ნიშნავს, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს სასამართლო და პატივისცემით ისაუბრეთ ყველა ინსტიტუტზე“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, მავნებლური, დამაზიანებელი და ანტისახელმწიფოებრივია საუბარი, რომელიც მომდინარეობს ოპოზიციისგან. პრემიერის განცხადებით, არ შეიძლება საუბარი, რომ „ეს არის ვიღაცის სასამართლო, რადგან ეს არის ყველას სასამართლო“.

„არაფერი არ მავიწყდება, ეს თქვენ დაგავიწყდათ, რომ სასამართლო იყო რეალურად ნოტარიუსის ოფისი. მურუსიძე არავინ არ იყო მაგ დროს, რეალურად იყო კუბლაშვილი და ადეიშვილი, ეს რეალობა იყო. ნუ აბრალებთ ახლა ვიღაც ადამიანებს, რომლებიც მსხვერპლები იყვნენ მაგ დროს, უამრავი, ასეულობით მოსამართლე იყო მსხვერპლი სააკაშვილის რეჟიმის. ათასობით პოლიციელი, პროკურორი, კეთილსინდისიერი ჩვენი საჯარო მოხელეები იყვნენ სწორედ მსხვერპლნი და მძევლები სააკაშვილის მჩაგვრელი და მავნებლური პოლიტიკის. აღარ მინდა მაგაზე საუბარი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.