ირაკლი ღარიბაშვილი - ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დამცველი, ძლიერი, განვითარების პროცესში მყოფი პოლიცია ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერისა და წინსვლის აუცილებელი პირობაა
ირაკლი ღარიბაშვილი - ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დამცველი, ძლიერი, განვითარების პროცესში მყოფი პოლიცია ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერისა და წინსვლის აუცილებელი პირობაა

ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დამცველი, ძლიერი და მუდამ განვითარების პროცესში მყოფი პოლიცია ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერისა და წინსვლის აუცილებელი პირობაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა პოლიციის დღე მიულოცა პოლიციელებს, შინაგან საქმეთა მინისტრს, სამინისტროს ხელმძღვანელობასა და თითოეულ თანამშრომელს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს პოლიცია არის ევროპული სტანდარტის შესაბამისი, თანამედროვე და, რაც მთავარია – მაღალპროფესიული.

„მე ამაყი ვარ ქართული პოლიციით, მეამაყება, რომ ჩვენი პოლიცია ზუსტად ასეთია. დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და ხელისუფლება ერთად ვაძლიერებთ საკუთარ სახელმწიფოს, ვისწრაფვით თანამედროვე, ევროპული ქვეყნის შექმნისკენ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ნამდვილად ევროპული სტანდარტის თანამედროვე და, რაც მთავარია, მაღალპროფესიული პოლიცია. ეს, რა თქმა უნდა, არის ბოლო წლების მასშტაბური რეფორმების შედეგი. ეს არის ჩვენი მინისტრის, ბატონი ვახტანგ გომელაურისა და მისი გუნდის ეფექტიანი მუშაობის შედეგი. რა თქმა უნდა, ეს არის თითოეული თქვენგანის დაუღალავი, ერთგული მუშაობის შედეგი. თქვენ შეძელით ის, რაც არცთუ შორეულ წარსულში ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნდა. თქვენ მოიპოვეთ ხალხის სრული ნდობა, განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული. ამიტომ თქვენთან ერთად ამ დღეს ვულოცავ ჩვენს ხალხს. კანონის, საზოგადოებისა და ქვეყნის ერთგულებით, 24-საათიანი დაძაბული შრომით, ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად, სხვათა სიცოცხლეზე ზრუნვით, თქვენ ფასდაუდებელ სამსახურს ეწევით ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.