ირაკლი ღარიბაშვილი - ქვეყნის წინაშე დღეს რეალური საფრთხეა შეთქმულება, ეს არის ე.წ. უკრაინიზაციისა და მეორე ფრონტის გახსნის გეგმა
ჩვენი ქვეყნის წინაშე რეალური საფრთხე დღეს არის სწორედ ის გეგმა და შეთქმულება, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ არსებობს. ეს ე.წ. უკრაინიზაციის, ე.წ. მეორე პოლიგონისა და მეორე ფრონტის გახსნის გეგმაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომელსაც პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით უსმენენ.
„იყო არაერთი მცდელობა, ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის და საქართველოს ომში ჩაბმის. შეგახსენებთ, რომ უშუალოდ ეს ფრაზა – „მეორე ფრონტი“, გაჟღერდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მხრიდან. ბატონმა დანილოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათი სურვილი და მიზანი იყო, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. იქვე დაამატა, რომ მათი ამოცანა იყო რუსეთის ყურადღების გადატანა სხვა ქვეყნისადმი, სხვა რეგიონის მისამართით. ისიც აღინიშნა, რომ არა მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები უნდა იღუპებოდნენ, არამედ ამ ომის შედეგები უნდა იგრძნონ სხვა ქვეყნებმაც. ეს არის იმ გამოსვლის ძალიან მოკლე შინაარსი, რომელიც მთელმა საზოგადოებამ მოისმინა. ამის შემდეგ ჩვენ გვახსოვს განცხადებები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, გვარებს აღარ ჩამოგითვლით. თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჩვენ არ ვართ ომისთვის განწყობილი მთავრობა. მათი სურვილი იყო, სააკაშვილი ყოფილიყო ხელისუფლებაში, რომელიც ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ, შეუერთდებოდა უკრაინას და საქართველოს ჩართავდა ომში.
ვანო მერაბიშვილის ბოლო გამონათქვამს შეგახსენებთ, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური მმართველი. ერთ-ერთ უკრაინულ არხზე თქვა, გამოვიდა რუსულ ენაზე და საუბრობდა, რომ მათი მიზანი არის ხელისუფლების დამხობა, შეცვლა და შემდეგ ომის დაწყება რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის ის სიტყვები, რომლებიც მერაბიშვილმა თქვა საჯაროდ. ეს არის მტკიცებულებები და მე მხოლოდ ფაქტებს შეგახსენებთ.
რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული და ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მიწებზე დგას ოკუპანტი ქვეყნის ჯარები. რეალური საფრთხე დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე არის სწორედ ის გეგმა და შეთქმულება, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ არსებობს – ეს არის ე.წ. უკრაინიზაციის გეგმა, ე.წ. მეორე პოლიგონისა და მეორე ფრონტის გახსნის გეგმა. მინდა, ყველას შევახსენო, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ჯერჯერობით არ გახლავთ არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა და არც ნატო-ს წევრი, ჩვენ არ გვაქვს უსაფრთხოების არავითარი გარანტიები და ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია ნომერ პირველი ბირთვული ძალის მიერ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.