ირაკლი ღარიბაშვილი - ქვეყნის განვითარებას წინ უდგას საფრთხე, რომელიც მომდინარეობს ექსტრემისტული ოპოზიციური ძალის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან
ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელ ინტერვიუში ჩვეული გულწრფელობით უპასუხა ყველა კითხვას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს და ყველა აბსურდულ ბრალდებას და ცილისწამებას, რომელიც მომდინარეობს ყველაზე რადიკალური, დესტრუქციული და შეიძლება ითქვას, ექსტრემისტულ ოპოზიციად წოდებული ძალის მხრიდან, – ასე შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი სატელევიზიო ინტერვიუ.
მისი შეფასებით, გარდა ოკუპაციისა და სიდუხჭირისა, ქვეყნის განვითარებისთვის საფრთხეს ქმნის რადიკალური ოპოზიციური ძალა.
„ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. მინდა, ერთი რამ განვაცხადო, როგორც მთავრობის წევრმა და პოლიტიკურმა მდივანმა, დღეს გარდა ოკუპაციისა, ეკონომიკური სიდუხჭირისა, უმუშევრობის გამოწვევების და პრობლემებისა, ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას, მშვიდობას წინ უდგას კიდევ ერთი საფრთხე, რომელიც მომდინარეობს რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციური ძალის მხრიდან, კერძოდ, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან, რაც არის აბსოლუტურად დაუშვებელი. მათი ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება არის დაუშვებელი და მიუღებელი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, სახელმწიფო ძლიერია, რომ სათანადოდ გასცეს პასუხი ნებისმიერ გამოწვევას.
„დღეს ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი, იმაზე ძლიერი, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ და სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე, რომ პასუხი გასცეს ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც მომდინარეობს ამ საფრთხის შემცველი რადიკალური ძალის მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.