ირაკლი ღარიბაშვილი - ქვეყანაში არ იქნება ომი, არც მეორე ფრონტი, არც მესამე ფრონტი, იქნება სიმშვიდე და სტაბილურობა, რომელსაც დავიცავთ ყველა საშუალებით, ნურავის ექნება რაიმე ილუზია, ცეცხლს ეთამაშებიან
ქვეყანაში არ იქნება ომი, არც მეორე ფრონტი, არც მესამე ფრონტი, იქნება სიმშვიდე და სტაბილურობა, რომელსაც დავიცავთ ყველა საშუალებით, ნურავის ექნება რაიმე ილუზია, ცეცხლს ეთამაშებიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, როდესაც გინდა, ეს პატარა ქვეყანა ჩართო პროვოკაციასა და ომში, ეს ნიშნავს ქვეყნისა და ხალხის მტრობას, ღალატს. ღარიბაშვილის თქმით, ღალატისთვის ყველა პასუხს აგებს.
„მინდა, აღვნიშნო, რომ კითხვის დასმა და არმოსმენა ნამდვილად არ არის ევროპული პოლიტიკური კულტურა. არც ერთი დესტრუქციული ძალის წარმომადგენელი დარბაზში არ იმყოფება. სცადეს გარკვეული დესტრუქცია, მიიღეს ათჯერ მეტი პასუხი, ყოველთვის მიიღებენ, თუ არ გაჩერდებიან. რაც მთავარია, მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ დღეს მსოფლიოში არის ძალიან რთული ვითარება. ამ ვითარებაში ჩვენი პატარა ქვეყანა, სწორი, პრაგმატული, ეროვნული პოლიტიკით ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ განვითარებას. დღეს ჩვენი თითოეული გამოსვლა, სიტყვა ემყარებოდა მხოლოდ ფაქტებს. ხალხს ვესაუბრებით მხოლოდ ფაქტებით და ველაპარაკებით სიმართლეს.
ჩემს გამოსვლაში დეტალურად ავხსენი ყველა ის საჯაროდ ნახსენები მიზეზი, თუ დაფარული მიზეზი, რის გამოც საქართველოსთან მიმართებაში მსუბუქად რომ ვთქვა, უსამართლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც შეეხება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მე ჩემი გამოსვლა დავიწყე იმ მიღწევებით, კონკრეტული, რეალური მიღწევებით, რომელიც ჩვენმა გუნდმა ბოლო 10 წლის განმავლობაში, მუშაობით, ხალხისადმი, ქვეყნისადმი, ევროპული ინტეგრაციისადმი, ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ერთგულებით დავამტკიცეთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპამ პირველად აღიარა საჯაროდ საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ეს მოსალოცი გადაწყვეტილებაა.
„ყველაზე პოზიტიური რაც მოხდა, პირველად ევროპამ აღიარა საჯაროდ საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ანუ ევროპამ კარი გაუღო საქართველოს. ეს მოსალოცი გადაწყვეტილებაა. ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს. ეს არის შეუქცევადი პროცესი და ეს პროცესი ჩვენ გავხადეთ შეუქცევადი. ვიმეორებ, ასოცირების შეთანხმებით, თავისუფალი ვაჭრობით, უვიზო რეჟიმით და ახლა უკვე ოფიციალური განაცხადით, მიღებული ევროპული პერსპექტივით და დათქმებით კანდიდატის სტატუსის მონიჭებით.
ზიანი სახეზეა. ჩვენ კარგად ავუხსენით ხალხს, რომ სამწუხაროდ, შიდა და გარე მტრებმა, არ მოვერიდები ამის თქმას, მეხუთე კოლონამ, როცა ქვეყანა ომშია და ოკუპირებული არის ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი, აქ რომელიღაც დესტრუქციული ძალა, მით უმეტეს, ყველაზე ანტიევროპული, ანტიჰუმანური, ანტიდემოკრატიული ძალაა, ვინც ეს 20 პროცენტის ოკუპაცია, თავისი უგუნური პოლიტიკით მოუტანა ხალხს. დღეს გამოდიან, ბედავენ არეულობის შემოტანაზე საუბარს. რევოლუციას, დესტაბილიზაციას როცა ახდენ ქვეყანაში, სადაც დგას რუსული ჯარი, ამ შენობიდან 40 კილომეტრში, ეს არის თუ არა ომის დაწყების პროვოცირება, რა თქმა უნდა, არის.
ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ომის შეჩერება დღეს ვერ ხერხდება, იღუპებიან ადამიანები, ინგრევა ქალაქები და 20 პროცენტი უკრაინის უკვე ოკუპირებულია. ამ პროცესს როცა მსოფლიო ვერ აჩერებს და როცა გინდა, ეს პატარა ქვეყანა ჩართო პროვოკაციასა და ომში, ეს რა თქმა უნდა, არის მტრობა, ღალატი ჩვენი ქვეყნის და ხალხის. ამიტომ, ყველა აგებს პასუხს ამ ღალატისთვის. ქვეყანაში არ იქნება ომი, არც მეორე ფრონტი, არც მესამე ფრონტი, ქვეყანაში იქნება სიმშვიდე, სტაბილურობა და განვითარება. ამ მშვიდობას და სტაბილურობას დავიცავთ ყველა საშუალებით. ეს არის ჩვენი ძალიან მტკიცე პოზიცია და ნურავის ექნება რაიმე ილუზია. ცეცხლს ეთამაშებიან. ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება. მთავრობას და პარლამენტს გვჭირდება მობილიზება, რომ როგორც კი დასრულდება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ისინი დაამტკიცებენ ევროკომისიის რეკომენდაციებს, ჩვენ დასაკარგი არ გვაქვს არც ერთი დღე. უნდა გავაგრძელოთ მშვიდად, მტკიცედ, გონივრულად ამ რეფორმების განხორციელება. რა თქმა უნდა, ილუზია არ გვაქვს, რომ პოლარიზაციის დასრულებას ჩვენ შევძლებთ, ვინაიდან ვხედავთ, რომ ყველაფერს აკეთებენ, ქვეყანაში იყოს არეულობა, დესტაბილიზაცია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.