ირაკლი ღარიბაშვილი - ქუთაისში განვიხილავთ ტექნოპარკის შექმნას, ჩვენი სურვილია, გაკეთდეს უნიკალური ტექნოლოგიური პარკი, როგორიც არის ამერიკაში „სილიკონ ველი“
აქტიურად განვიხილავ, რომ ქუთაისში პარლამენტის შენობასა და მის მიმდებარედ შეიქმნას ტექნოპარკი, რაც მისცემს საშუალებას ჩვენს ახალგაზრდებს, მათ შორის ქუთაისელებს, ადგილობრივებს, რომ დასაქმდნენ; ამას, მინდა მივაბა IT-სპეციალობების კურსები, უნდა გადავამზადოთ ჩვენი ათასობით ახალგაზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს მსხვილ საინვესტიციო ჯგუფებთან.
„მოგეხსენებათ, ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად შემოედინებიან IT-სპეციალისტები, ექსპერტები, ამ კომპანიებში დასაქმებული უამრავი ახალგაზრდა, ათასობით ადამიანი, რომლებიც საქართველოდან მუშაობენ და ემსახურებიან მთელს გლობალურ კომპანიებს. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა. აქტიურად განვიხილავ, რომ ქუთაისში პარლამენტის შენობასა და მის მიმდებარედ შეიქმნას ტექნოპარკი, რაც მისცემს საშუალებას ჩვენს ახალგაზრდებს, მათ შორის ქუთაისელებს, ადგილობრივებს, რომ დასაქმდნენ. ამას, მინდა მივაბა IT-სპეციალობების კურსები, უნდა გადავამზადოთ ჩვენი ათასობით ახალგაზრდა. ეს გეგმა გვაქვს, ამაზე ვმუშაობთ, არ მინდა წინასწარ საუბარი, მაგრამ ვინაიდან მკითხეთ, ქუთაისში განვიხილავთ ტექნოპარკის შექმნას. მათ შორის არის შემოთავაზებები მსხვილი ჯგუფებისგან, ებრაული კომპანიები არიან, ასევე ევროპული, ტრანსნაციონალური კომპანიები, რომლებსაც აქვთ სურვილი და ინტერესი. შეიძლება აქ გაკეთდეს უნიკალური, ძალიან თვალსაჩინო ტექნოლოგიური პარკი, როგორიც არის „სილიკონ ველის“ მსგავსი ამერიკაში. ორი მსხვილი ჯგუფია გამოკვეთილი, გვაქვს მოლაპარაკებები, მაგრამ ჩვენ გვინდა, ჩვენი მოქალაქეების ინტერესი მაქსიმალურად იყოს დაცული. დავასაქმოთ არა მხოლოდ ჩამოსულები, არამედ ადგილობრივები. გადავამზადოთ ისინი, IT-სპეციალობები არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსოფლიოში. კარგი IT-სპეციალისტების საშუალო ხელფასი თვეში 4-5 ათას დოლარს შეადგენს. რაც მთავარია, ისინი მოემსახურებიან არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ კომპანიებსაც. ამ და სხვა პროექტებზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ“, – აღნიშნა პრემიერმა.