ირაკლი ღარიბაშვილი - ქუთაისს ბიძინა ივანიშვილმა უნიკალური საჩუქარი გაუკეთა უნივერსიტეტის სახით, რომელიც, მილიარდი ევრო ჯდება და სააკაშვილმა მილიარდი გადაიხადა სამ შენობაში, ეს არის განსხვავება
ქუთაისს რაიმე კი არ წავართვით, ქუთაისს ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა უნიკალური საჩუქარი გაუკეთა – მეგაპროექტი ქუთაისის უნივერსიტეტის სახით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქუთაისიდან პარლამენტის გადატანასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
პრემიერის თქმით, პარლამენტის შენობა 360 მილიონი დაჯდა და მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, პარლამენტი ისევ დაბრუნდა თბილისში.
„კითხვა რაში მდგომარეობს, რატომ წავიღეთ? არ შეიძლება ასეთი საუბარი, ქუთაისს წაართვეს მომავალი, ქუთაისში სხვა უამრავი რაღაც კეთდება. ქუთაისს რაიმე კი არ წავართვით, ქუთაისს ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა უნიკალური საჩუქარი გაუკეთა – მეგაპროექტი ქუთაისის უნივერსიტეტის სახით. პროექტი, რომელიც, მილიარდი ევრო ჯდება. რის წართმევაზე მელაპარაკებით, თქვენ ილაპარაკეთ იმაზე, რომ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ათასობით ადამიანს ართმევდა ბიზნესს, სახლებს და უნადგურებდა ოჯახებს. რაზეა საუბარი საერთოდ, რომელ მთავრობის სახლზე მესაუბრებით, მთავრობის სახლი არსებობს თბილისში. ეს ყველაფერი თქვენ ხომ კარგად იცით, იმიტომ გააკეთა, რომ აქციებისგან იყო დაღლილი სააკაშვილი, თქვენი ბელადი და ცხოვრობდა მშვიდად თავისთვის 500-მილიონიან სასახლეში მაშინ, როცა ჩვენს მოსახლეობას ჯერ კიდევ აქვს ძალიან მძიმე გასაჭირი. ეს არის განსხვავება. მილიარდი კაცმა გადაიხადა 3 შენობაში, ქუთაისის პარლამენტი, სასახლე თბილისში და მთავრობის სახლი ქუთაისში და ჩვენ მილიარდი ევროს პროექტი განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში და ამით შექმნა უნიკალური ევროპული ტიპის უნივერსიტეტი, პირველი ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტი“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.