ირაკლი ღარიბაშვილი - ქუთაისელებისთვის კი არ გააკეთა თავის დროზე სააკაშვილმა პარლამენტის გადმოტანა, არამედ იმის გამო, რომ აქციები, მისი მოკლე ჭკუით, აღარ ყოფილიყო თბილისში
ქუთაისელებისთვის კი არ გააკეთა თავის დროზე სააკაშვილმა პარლამენტის გადმოტანა, არამედ იმის გამო, რომ აქციები, მისი მოკლე ჭკუით, აღარ ყოფილიყო თბილისში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 350 მლნ. გადაიხადეს აბსოლუტურად უსარგებლო შენობაში.
„რაც შეეხება ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას. გასაგებია, ამის თაობაზე იყო არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოსახლეობის, მე მესმის, თუმცა ასევე შეგახსენებთ იმასაც, რომ, როდესაც ქუთაისის პარლამენტის შენობის მშენებლობა გადაწყდა, მაშინ, სააკაშვილის ხუშტურებს და მის გადაწყვეტილებას დედა-შვილი შეეწირა, თუ არ ვცდები, თქვენ გახსოვთ, ალბათ. ეს უნდა გავიხსენოთ, პირველ რიგში. უნდა გავიხსენოთ ისიც, რომ 350 მლნ. გადაიხადეს აბსოლუტურად უსარგებლო შენობაში, როდესაც თბილისში ისტორიულად იდგა, დგას და იქნება საქართველოს პარლამენტის შენობა და უამრავი სხვა რამ. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, ქუთაისელებისთვის კი არ გააკეთა თავის დროზე სააკაშვილმა პარლამენტის გადმოტანა, არამედ იმის გამო, რომ აქციები, მისი მოკლე ჭკუით, აღარ ყოფილიყო თბილისში. როგორც დაგეგმა მისი შემოსვლა და ციხეში ამოყო თავი, ასევე დაგეგმა თავისებურად პარლამენტის გადმოტანა. მთავარი ჩვენთვის არის ის, რომ არჩევნების შემდეგ, მომდევნო 3 წელი, მთავარი კონცენტრირება მოვახდინოთ საქმეზე, ხალხის პრობლემების გადაჭრაზე, სიღარიბის დაძლევაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, განვითარებასა და პროგრესზე. ეს იქნება ჩვენი მთავარი სალაპარაკო. არჩევნების შემდეგ, გთხოვთ, რომ აღარ მკითხოთ პატიმარ სააკაშვილზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.