ირაკლი ღარიბაშვილი - ქართველი ხალხის ნებას ვერავითარი ძალა ვერ აღუდგება, ვერაფერს გახდებიან ხელმოცარული ოპოზიციონერები, რომლებიც საზოგადოებაში დამატებითი ქულების ჩაწერას ცდილობენ
ქართველი ხალხის ნებას ვერავითარი ძალა ვერ აღუდგება წინ. ის ხელმოცარული ოპოზიციონერები, რომლებიც ცდილობენ, რომ მოკავშირეების დახმარებით რაღაც გარკვეული დამატებითი ჟანგბადი მიიღონ საზოგადოებაში და რაღაც დამატებითი ქულები ჩაიწერონ, ვერაფერს ვერ გახდებიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა 29 აპრილისთვის „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ საერთო-სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ხალხში მართლაც არსებობს ძალიან ძლიერი ინტერესი და სურვილი იმისა, რომ მმართველი პარტიის ასეთი შეკრება გამართულიყო.
„29 აპრილს ძალიან დიდი შეკრება გაიმართება რუსთაველზე, სადაც ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი მიმართავს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გუნდის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან ხალხში მართლაც არსებობს ძალიან ძლიერი ინტერესი და სურვილი იმისა, რომ ჩვენი პარტიის ასეთი შეკრება გამართულიყო. ეს ერთგვარი სადემონსტრაციო შეკრებაც არის წინასაარჩევნოდ. ასეთი შეკრებები ყოველთვის იმართება და ყოველთვის გაიმართება. აქ უჩვეულო არაფერი არ არის, პირიქით, ჩვენ, კიდევ ერთხელ, ჩვენს საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, თუ სად დგას სიმართლე, რომელ მხარეს არის სიმართლე. ძალიან მალე გამოჩნდება, რომელ მხარეს დგას სიმართლე, სად დგას ქართველი ხალხი. ქართველის ხალხის ნებას ვერავითარი ძალა ვერ აღუდგება წინ, ეს კარგად დაიმახსოვროს ყველამ, რადგან ის ხელმოცარული ოპოზიციონერები, რადიკალური ოპოზიცია, რომლებიც ცდილობენ, რომ მოკავშირეების დახმარებით აქ რაღაც გარკვეული დამატებით ჟანგბადი მიიღონ საზოგადოებაში და რაღაც დამატებითი ქულები ჩაიწერონ, ვერაფერს ვერ გახდებიან. ჩვენი ხალხი არის ძალიან ბრძენი და ხალმა ძალიან კარგად იცის, სად დგას სიმართლე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, 29 აპრილის შეკრება ასევე იქნება გზავნილი იმისა, რომ ქართველი ხალხი ხელისუფლებასთან ერთად და ხელისუფლება ქართველ ხალხთან ერთად არ დაუშვებს ქვეყანაში არავითარ არეულობას.
„ეს იქნება გზავნილი იმისა, რომ ქართველი ხალხი ხელისუფლებასთან ერთად და ხელისუფლება ქართველ ხალხთან ერთად არ დაუშვებს ქვეყანაში არავითარ არეულობას, დესტაბილიზაციას და რაიმე პროვოკაციებს. ჩვენ კარგად ვიცით, რა არის სურვილი მეორე მხარის, რა არის სურვილი რადიკალური ოპოზიციის, სურვილი იყო, რომ ქვეყანაში მომხდარიყო რევოლუცია. ბოლო სამ წელიწადში რევოლუციის მოხდენის სამი მცდელობა იყო უკვე. რა თქმა უნდა, ეს ყველა მცდელობა მათთვის დასრულდა კრახით, ახლაც ასეთივე წარუმატებლად, სრულ ფიასკოს განიცდის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხის მხარდაჭერით, უფლის შეწევნით, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩვენ არჩევნებს ძალიან ძლიერად მოვიგებთ და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, კითხვაზე, „რად უღირს „ქართულ ოცნებას“ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, თუ ევროპელები ასეთ განცხადებებს აკეთებენ“, ღარიბაშვილმა აღნიშნა:
„ოპოზიციის ხმა საერთოდ არ ისმოდა ამ კანონის ინიცირებამდე და ახლა გამოვიდნენ ქუჩაში. ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ახლა მიმდინარეობს დისკუსია პარლამენტში. საჭიროა, რომ პარლამენტში გადაწყდეს ეს საკითხი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.