ირაკლი ღარიბაშვილი - ქართველებისთვის ენა ის ღირებულებაა, რომელსაც ყოველთვის უკომპრომისოდ იცავდა, რის სიმბოლოდაც იქცა 1978 წლის 14 აპრილი
ქართველებისთვის ენა ის ღირებულებაა, რომელსაც ყოველთვის უკომპრომისოდ იცავდა, რის სიმბოლოდაც იქცა 1978 წლის 14 აპრილი – ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ხალხის მიერ მოპოვებული სახელმწიფო ენის დღე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
მთავრობის მეთაურის თქმით, თითოეული ჩვენგანის ვალია განსაკუთრებული პატივისცემით მოვეპყრათ ენას და შევინარჩუნოთ, განვავითაროთ და გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს ეს ჭეშმარიტი საგანძური.
„ენა ერის იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია. საქართველოს თვითმყოფადობას, ისტორიულ მეხსიერებას, პატრიოტულ სულისკვეთებას და ჩვენს ეროვნულ თვითშეგნებას სწორედ ქართული ენა აერთიანებს. ჩვენი ერისათვის ენა ის ღირებულებაა, რომელსაც ყოველთვის უკომპრომისოდ იცავდა, რის სიმბოლოდაც იქცა 1978 წლის 14 აპრილი – ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ხალხის მიერ მოპოვებული სახელმწიფო ენის დღე. ჩვენმა გამარჯვებამ არა მხოლოდ ქართულს, არამედ სხვა რესპუბლიკების ენებსაც შეუნარჩუნა სახელმწიფო სტატუსი.
წელს სახელმწიფო ენის დღეს განსხვავებულად აღვნიშნავთ. საქართველოს მთავრობის დამტკიცებული სახელმწიფო ენის ათწლიანი პროგრამით ჩამოყალიბდა სახელმწიფო ენის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საჭირო ახალი მიზნები და ის პირობები, რომლებიც ამ ამოცანის მისაღწევად იქმნება. ათწლიანი სტრატეგია ხელს შეუწყობს როგორც ქართული და აფხაზური ენების კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქციების უკეთ შესრულებას, ისე ქართველური ენების დაცვას, კვლევასა და ენობრივი ტექნოლოგიების განვითარებას.
თითოეული ჩვენგანის ვალია განსაკუთრებული პატივისცემით მოვეპყრათ ენას და შევინარჩუნოთ, განვავითაროთ და გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს ეს ჭეშმარიტი საგანძური”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.