ირაკლი ღარიბაშვილი - ქართველები ყველაზე მეტად ვერ ვეგუებით უსამართლობას და ჩაგვრას, კიდევ ერთხელ მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს
ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან, განვიხილეთ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები, რომლებიც შეეხება ვაჭრობას, ეკონომიკას, უსაფრთხოებას, თავდაცვის საკითხებს, განათლებას, კულტურას, ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული, ხელშესახები წინსვლა და შედეგები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ღარიბაშვილმა უნგრელ კოლეგასთან, ვიქტორ ორბანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე დიდ წინსვლას მიაღწია.
„ვფიქრობ, დღევანდელი დღეც საფუძველს ჩაუყრის კიდევ უფრო მეტი შედეგის მოტანას ჩვენი ქვეყნებისთვის, ჩვენი ხალხებისთვის. მე ასევე მინდა, ვთქვა, რომ დღეს საქართველო იმყოფება საკმაოდ რთულ ვითარებაში. გეოპოლიტიკური ვითარება არის ძალიან შეცვლილი მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მას შემდეგ, რაც დაიწყო უკრაინაში ომი და იცით, რომ პირველი ომი ჩვენს ქვეყანაში იყო, 2008 წელს, რამაც განაპირობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია რუსეთის მიერ. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების, ჩვენი მთავრობის სწორი, პრაგმატული და პატრიოტული პოლიტიკის შედეგად დღეს ქვეყანაში გვაქვს ერთადერთი, უპრეცედენტო, მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი, რამაც მოიტანა კონკრეტული, ხელშესახები, ძლიერი ეკონომიკური აღმასვლა და კეთილდღეობა მოუტანა ჩვენს ხალხს. აქვე, მინდა, აღვნიშნო – და ამის შესახებ, რა თქმა უნდა, ბატონი პრემიერი არის ინფორმირებული – რომ ბოლო 10 წელიწადში ჩვენმა მთავრობამ და ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ გააკეთა მაქსიმუმი საქართველოს ევროპასთან დასაახლოებლად. თუ რაიმე კონკრეტული შედეგის მიღწევა იყო შესაძლებელი, ეს ყველა შედეგი სწორედ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის გაფორმება ევროპასთან, უვიზო რეჟიმის მიღება ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.
„შარშან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ შარშან საკმაოდ უსამართლოდ მოგვექცნენ – ჩვენ, ჩვენს ქვეყანას და ამას თავისი სახელი დაარქვა ბატონმა ვიქტორმა ბუდაპეშტში, როცა ამ გადაწყვეტილებას უწოდა ამორალური და უსამართლო. რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ შეგვესრულებინა 12-ვე რეკომენდაცია, რომლებიც იქნა გადმოცემული ევროკომისიის მიერ. პროცესი ახლაც გრძელდება. ეს მუდმივი პროცესია. ბუნებრივია, ჩვენ წლის ბოლოს ველოდებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელსაც, ვფიქრობ, ექნება მყარი საფუძველი. რაც მთავარია, მინდა, აღვნიშნო, რომ თუ დამსახურებაზეა საუბარი, ბუნებრივია, საქართველომ დაიმსახურა, ვინაიდან ჩვენ კარგად ვიცით იმ ქვეყნების მდგომარეობა, რომელ ქვეყნებსაც მისცეს სტატუსი და მათთან შედარებით საქართველო არის ორჯერ, სამჯერ წინ ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს საჯარო მმართველობა, გამჭვირვალობა, კორუფციის კონტროლი, მართლმსაჯულების რეფორმები, ყველა მიმართულებით ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა. იქნება ეს დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება თუ პოლიტიკური, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მესმის, რომ ეს მნიშვნელოვანწილად არის უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან ეს არის საქართველოს მოქალაქეების არჩევანი.
„საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო 10 წელიწადში მაქსიმუმი გააკეთა. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, გაუგებარი იქნება, ყოველგვარ არგუმენტაციას, რაციონალს იქნება მოკლებული ევროპის გადაწყვეტილება. ქართველებს ყველაზე მეტად – მე ამას წინათ აღვნიშნე – არ გვიყვარს და ვერ ვეგუებით უსამართლობას და ჩაგვრას. კიდევ ერთხელ მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ევროკავშირის წევრთა უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას და ჩვენი ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.