ირაკლი ღარიბაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ მოიყვანა ზურაბიშვილი და დასვა პრეზიდენტად ჩვენი რეიტინგის დამსახურებით, მას ჰქონდა ერთპროცენტიანი რეიტინგი, როცა ოპოზიციაში იყო
ირაკლი ღარიბაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ მოიყვანა ზურაბიშვილი და დასვა პრეზიდენტად ჩვენი რეიტინგის დამსახურებით, მას ჰქონდა ერთპროცენტიანი რეიტინგი, როცა ოპოზიციაში იყო

სამარცხვინო არის ის, როცა ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას და ასეთ განცხადებებს აკეთებს ამის შემდეგ, გვეტყობა რამე, რომ ან ვნერვიულობთ, ან გვეშინია ვინმეს ოპოზიციონერობის?! მე შევახსენებ ყველას, რომ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ერთპროცენტიანი რეიტინგი, როცა იყო ოპოზიციაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მოიყვანა სალომე ზურაბიშვილი და დასვა პრეზიდენტად „ქართული ოცნების“ რეიტინგის დამსახურებით.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მას არ სურს ცალკეულ მოსამართლეებზე საუბარი, რომლებიც იმპიჩმენტის საკითხის განხილვაში მონაწილეობდნენ.

„მე ცალკეული მოსამართლეების განცხადებებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს. მე შევაფასე ზოგადად ეს ფაქტი და ეს მოვლენა, რაც ერთი მხრივ, შეიძლება, იყოს გულდასაწყვეტი ფაქტი, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ვაჩვენეთ დემოკრატიულობა, ევროპელობა. ჩვენ ვაჩვენეთ ის, რომ ამ ქვეყანაში არავინ დგას კანონზე მაღლა, ეს არის მთავარი. რაც შეეხება მოსამართლეებს, გასაგებია, ეს მოსამართლეები ალბათ მიკერძოებულები არიან თავიანთ შეფასებებში, მაგრამ მე არ განვსჯი. არ მინდა, კომენტარი გავაკეთო მოსამართლეების ცალკეულ განცხადებებზე ან მათ მოტივაციაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.