ირაკლი ღარიბაშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ერთადერთია, რომლის მმართველობის პირობებშიც ქვეყანას ტერიტორიები არ დაუკარგავს
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ერთადერთია, რომლის მმართველობის პირობებშიც ქვეყანას ტერიტორიები არ დაუკარგავს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვებიდან 7 წლისთავზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში არის სტაბილური და მშვიდობიანი მმართველობა, რაც უპრეცედენტოა.
„პირველი პრეცედენტი დაიშვა ჩვენი ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის პერიოდში, რომ ჩვენმა ქვეყანამ არ დაკარგა ტერიტორიები. ყველა მმართველის პერიოდში საქართველომ დაკარგა ტერიტორიები. ვერ აარიდა, სახელმწიფოს ჩვენმა წინამორბედებმა ისეთი დიდი ტრაგედია და განსაცდელი, როგორიც ძვირფასი ტერიტორიების დაკარგვაა“, -განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მმართველი გუნდის მთავარი იდეა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაა, პირველი ოქტომბერი კი ისტორიული თარიღია, როდესაც ქართველმა ხალხმა ძალადობაზე გაიმარჯვა.
„პირველი ოქტომბერი არის ისტორიული თარიღი. ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული გამარჯვება ძალადობაზე და უგუნურობაზე. ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით და ლიდერობით, ქართველმა ხალხმა უარი უთხრა მოძალადე რეჟიმს. ჩვენი იდეა არის უცვლელი- დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, რომელსაც ვადგავართ პირველი ოქტომბრიდან. რა თქმა უნდა, შეცდომები და გადაცდომები იყო, მაგრამ ვინც არ მუშაობს შეცდომებს არ უშვებს. რაც მთავრია ჩვენ ვხედავთ შეცდომებს, ჩვენ ვაანალიზებთ და მივდივართ წინ, ყოველგვარი ზედმეტი გართულებების გარეშე. იმ მმართველებს რომლებმაც ისეთი დიდი უბედურება ვერ აგვაცილეს, როგორიც ტერიტორიების დაკარგვაა, არავითარი მორალური სამართლებრივი უფლება არ უნდა დავუტოვოთ, ნორმალურ სახელმწიფოში, პოლიტიკაში დარჩენის შესაძლებლობის. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია. რა თქმა უნდა თუ ამას დავამატებთ ყველა იმ უბედურებას, რომელიც მათი ხელისუფლების დროს მოხდა. მიმაჩნია რომ ყველაზე დიდი შეცდომა ეს არის ტერიტორიების დაკარგვა, რომელიც მათ ვერ ააცილეს ჩვენ ქვეყანას“, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ეთერში ირაკლი ღარიბაშვილმა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.