ირაკლი ღარიბაშვილი - „ქართული ოცნება“ ნიშნავს მშვიდობას და სტაბილურობას, მიხეილ სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ ნიშნავს ომს, ნგრევას და უბედურებას
„ქართული ოცნება“ ნიშნავს მშვიდობას და სტაბილურობას, სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ – ომს და უბედურებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში ხალხის მთავარი დაკვეთა ერთიანობაა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ეს არის კარგი ანეკდოტი“.
მისივე თქმით, უკრაინაში ომის დაწყების დროს პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია ან ხაზარაძე რომ ყოფილიყვნენ, დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა, ქვეყანას შეიყვანდნენ ომში და დაანგრევდნენ.
„არ ვიცი, ამაზე სერიოზული კომენტარი როგორ უნდა გავაკეთო, არასერიოზული კაცისგან ნათქვამი სასაცილო შემოთავაზება არ არის საინტერესო. ჩემთვის საინტერესოა, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყანამ გააგრძელოს სწორი მიმართულებით განვითარება. ეს გზა არ შეიცვალოს. თეორიულად, ჰიპოთეტურად დავუშვათ, რომ ხელისუფლებაში დღეს ან გუშინ არ ყოფილიყო „ქართული ოცნება“, უკრაინაში ომის დაწყების დროს პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილი, ან ნიკა გვარამია, ან ვინც არიან ეს გაუგებარი ადამიანები, ნებისმიერი მათი სატელიტი, ხაზარაძე და სხვა ყოფილიყვნენ, დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა. პირდაპირ, მთელი ძალით ქვეყანას შეიყვანდნენ ომში და დაანგრევდნენ. ვიცი, რომ არ მოგწონთ ეს ნათქვამი რადიკალურ ოპოზიციას და ტელევიზიებს, „ქართული ოცნება“ ნიშნავს მშვიდობას და სტაბილურობას, მიხეილ სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ ნიშნავს ომს, ნგრევას და უბედურებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.