ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი პატრიარქი ქართული ეკლესიის გამორჩეული წარმომადგენელია, რომელიც 40 წელზე მეტია, ერთგულებითა და თავდადებით ემსახურება სამშობლოს
ეს არის უდიდესი დღესასწაული, არა მხოლოდ ეკლესიისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით გამართულ პარაკლისს დაესწრო.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამორჩეული მღვდელმთავრები, სასულიერო პირები, საუკუნეების განმავლობაში თავდადებით ემსახურებოდნენ ქართულ ეკლესიას და სამშობლოს. პრემიერის თქმით, ქართული ეკლესიის ასეთი გამორჩეული წარმომადგენელია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
„გილოცავთ დღევანდელ დღეს. ეს არის უდიდესი დღესასწაული, არა მხოლოდ ეკლესიისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. 104 წლის წინ, 1917 წლის 25 მარტს ქართულმა ეკლესიამ აღადგინა ავტოკეფალია. დღეს აღვნიშნავთ ამ დიდებულ დღეს – ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას. ჩვენ კარგად მოგვეხსენება, რომ იმ დროს ეს მოვლენა გახდა ერთგვარი გარდამტეხი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის ცხოვრებაში. ჩვენ, როგორც ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ერი, ყოველთვის ვადიდებდით და ვადიდებთ უფალს. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი გამორჩეული მღვდელმთავრები, სასულიერო პირები, ყოველთვის თავდადებით ემსახურებოდნენ ჩვენს ქართულ ეკლესიას და სამშობლოს. ყოველთვის, როცა ჩვენს ერს და ჩვენს ქვეყანას ედგა მძიმე დრო, ისინი ყოველთვის მტკიცედ გამოხატავდნენ ჩვენი სამშობლოს ინტერესებს. ასეთი გამორჩეული წარმომადგენელი ჩვენი ქართული ეკლესიისა გახლავთ ჩვენი პატრიარქი, რომელიც 40 წელზე მეტია, სწორედ გამორჩეული ერთგულებითა და თავდადებით ემსახურება ჩვენს სამშობლოს; აძლიერებს, როგორც ქართულ ეკლესიას, ისე ჩვენი ერის სულიერ სიმტკიცეს. ამიტომ მე კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემა მინდა, გამოვხატო ჩვენი პატრიარქის მიმართ, მას მივულოცო დღევანდელი დღე, სრულიად სინოდს, ქართულ ეკლესიას, თითოეულ მართლმადიდებელ ქრისტიანს ჩვენი ქვეყნისა და ვუსურვო მას ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, დიდხანს სიცოცხლე. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტმა შიომ სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
პრემიერ-მინისტრი სიონში პარაკლისს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.