ირაკლი ღარიბაშვილი ქალაქ ზაგრებში ხორვატიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ანდრეი პლენკოვიჩს ქალაქ ზაგრებში შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხორვატიის მთავრობის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი ანდრეი პლენკოვიჩს ჯერ – პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შეხვდა.
„ირაკლი ღარიბაშვილმა ანდრეი პლენკოვიჩთან შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ და აღნიშნა, რომ ქვეყანა წლის ბოლოს დამსახურებულად ელოდება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთვის ხორვატიის გამოცდილების გაზიარება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
პრემიერმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ხორვატიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის და ასევე ევროპული და ევროატლანიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა აგრეთვე საქართველოსა და ხორვატიის ისტორიულ, კულტურულ და ტერიტორიულ მსგავსებას, რაც ორი ქვეყნის მეგობრობას და თანამშრომლობას კიდევ უფრო მჭიდროსა და ნაყოფიერს ხდის. საუბარი შეეხო საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის დღის წესრიგის გაძლიერებას.
ხაზი გაესვა აგრეთვე ხორვატიაში საქართველოს საელჩოს გახსნის მნიშვნელობას, რაც ორი ქვეყნის 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის პროცესში გამორჩეულად მნიშვნელოვანი მოვლენაა.
შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული დარგობრივი თანამშრომლობის საკითხები. საქართველომ გამოთქვა მზადყოფნა, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო წაახალისოს დარგობრივი უწყებები და გააღრმაოს თანამშრომლობა ეკონომიკის, ტურიზმის, თავდაცვისა და მართლმსაჯულების სფეროში. ასევე აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება ორ ქვეყანას შორის ბიზნესსტრატეგიების გაცვლას, რაც გაზრდის ეკონომიკურ თანამშრომლობას და ხელს შეუწყობს ხორვატიული ინვესტიციების საქართველოში შემოსვლას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.