ირაკლი ღარიბაშვილი - პროკურატურის სისტემის განვითარება უცვლელი პრიორიტეტია, ჩვენს დროს პროკურატურის დამოუკიდებლობა ქვეყნის უზენაესი კანონით, კონსტიტუციით იქნა აღიარებული
დიდი პატივია ჩემთვის და ჩვენ ვართ მოხარულნი, რომ პირველად ვმასპინძლობთ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის წლიურ 27-ე კონფერენციას და გენერალურ შეხვედრას საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პროკურორთა საერთაშორისო 27-ე წლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პროკურატურის სისტემის განვითარება ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მთავრობის უცვლელი პრიორიტეტია.
პრემიერმა ირაკლი შოთაძესა და მის გუნდს მადლობა გადაუხადა.
„მსურს, განსაკუთრებით მივესალმო ჩვენს ძვირფას სტუმრებს – პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტ ჩოელ კიუ ვანგს, გენერალურ მდივან ჰან მორაალს, ევროჯასტის პრეზიდენტს, ბატონ ლადისლავ ჰამრანს, გაერო-ს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილეს, ქალბატონ ნაჟატ შამემ ხანს და ძალიან ბევრი ქვეყნის პროკურატურების ხელმძღვანელებს, მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე პროფესიონალებსა და მაღალი დონის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან. კონფერენციის სათაური – „გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები“, ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რა რთულ, გამოწვევებით სავსე დროში გვიწევს ცხოვრება და საქმიანობა.
კორონავირუსის პანდემიით განპირობებული სირთულეებიდან, უკრაინაში მიმდინარე ომიდან, ევროპის კონტინენტზე საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, საფრთხეების, ასევე, ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებულ დანაშაულთა, მათ შორის, კრიპტოვალუტის მეშვეობით ფულის გათეთრების თუ კიბერდანაშაულის მზარდი მასშტაბების პირისპირ აშკარაა, რომ დღეს მსოფლიო განახლების რთულ პროცესს გადის; უფრო სამართლიანი, დემოკრატიული, მშვიდობიანი საერთაშორისო საზოგადოების მშენებლობაში სამართალდამცავ ორგანოთა მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს – იქნება ეს ეროვნულ დონეზე თუ საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში. პროკურატურის სისტემის განვითარება ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩვენი უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენს დროს პროკურატურის დამოუკიდებლობა ქვეყნის უზენაესი კანონით – კონსტიტუციით იქნა აღიარებული და სრულად დამოუკიდებელ ინსტიტუციად ჩამოყალიბდა. მასშტაბური რეფორმების შედეგად, საქართველოს პროკურატურა ეფექტიან, ანგარიშვალდებულ და გამჭვირვალე ინსტიტუციად ჩამოყალიბდა და, ამასთან, მუდმივად ვითარდება. მე მინდა, ჩვენს გენერალურ პროკურორს, ბატონ ირაკლი შოთაძეს და მის პროფესიონალთა გუნდს მადლობა გადავუხადო“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, ტრანსფორმაციაში უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო პარტნიორების მუდმივი თანადგომა, როგორიცაა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია.
„რა თქმა უნდა, ამ ტრანსფორმაციაში უმნიშვნელოვანესია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მუდმივი თანადგომა, თქვენი თანადგომა. განსაკუთრებით ვაფასებთ ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას, როგორიცაა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია. 180-ზე მეტი ქვეყნის უწყებებთან თუ ინდივიდუალურ წევრებთან თანამშრომლობა, ერთი მხრივ, არსებითია ჩვენი პროკურატურის შემდგომი სრულყოფისათვის, განვითარებისთვის და, ამავდროულად, გვჯერა, რომ თავადაც მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ სამართლიანი და დემოკრატიული მსოფლიოს მშენებლობაში. მიმდინარე კონფერენციით და ამ დღეებში დაგეგმილი ღონისძიებებით, მათ შორის, საქართველოს პროკურატურასა და ევროკავშირის პროკურატურას შორის სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმების გაფორმებით, კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ ჩვენი საერთო მიზნებისკენ.
დაბოლოს, მსურს მადლობა გადავუხადო ასოციაციის აღმასრულებელ კომიტეტს მსოფლიო კონფერენციის მასპინძლად საქართველოს პროკურატურის დასახელებისთვის. ეს ჩვენთვის დიდი პატივია. ჩვენ ამას აღვიქვამთ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმებისა და ინსტიტუციური განვითარების მნიშვნელოვან აღიარებად. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დიდი ძალისხმევა გასწია კონფერენციის მაღალ დონეზე ჩასატარებლად. ჩვენი მთავრობის სახელით გპირდებით, რომ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციასთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად. წარმატებულ და ნაყოფიერ სამუშაო დღეებს გისურვებთ. დიდი მადლობა!“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კონფერენციის მონაწილეებს აგრეთვე სიტყვით მიმართეს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა ჩეოლ-კიუ ჰუანმა. ღონისძიებას ესწრებიან 60 ქვეყნის 300 პროკურორი და გაერო-ს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ) სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები.
საქართველოს პროკურატურის ისტორიაში თბილისი ყოველწლიურ კონფერენციას პირველად მასპინძლობს. პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) 1995 წელს დაარსდა და ასოციაციის წევრია 183 პროკურატურის ორგანო 177 ქვეყნიდან.