ირაკლი ღარიბაშვილი - პროკურატურამ განაცხადა, რომ ფარულ ჩანაწერებზე დაწყებულია გამოძიება და დაამუშავებენ ყველა ვერსიას, მათ შორის, ხომ არ არის თეორიულად შესაძლებელი, რომ აქ ჩართული იყვნენ გახარია და ხოჯევანიშვილი
გავრცელებული ფარული ჩანაწერები არის პირდაპირი შეთქმულება სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ, სააკაშვილის, ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციის მიერ და სამწუხაროდ ამ შეთქმულებაში იკვეთება სხვა მოღალატეების კვალი, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხებოდა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო კანონის სახელით გასცემს პასუხს, და ყველას და ყველაფერს დაარქმევს თავის სახელს.
„მინდა, ჩემს მოსახლეობას ვუთხრა – ეს არის პირდაპირი მტრობა ეკლესიის წინააღმდეგ, მღვდელმთავრების წინააღმდეგ, მცდელობა მათი დისკრედიტაციის. ეს არის შეთქმულება ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც ყოვლად დაუშვებელია. სახელმწიფო კანონის სახელის გასცემს პასუხს, და ყველას და ყველაფერს დაარქმევს თავის სახელს. ძალიან სამწუხაროა, რომ ტელევიზიები უკეთებენ ტირაჟირებას ამ ტყუილ-მართალს, ახდენთ ეკლესიისა და მღვდელმთავრების დისკრედიტაციას. ეს არის ბოლო მცდელობა სააკაშვილისა და ოპოზიციის, რადგან იციან რა, რომ მარცხდებიან და თანაც, სასტიკად მარცხდებიან. სასტიკად მარცხდებიან ყველგან, ყველა ქალაქში. უყურებთ, რომ არჩევნებისთვის მზადება არ აქვთ, რადგან იციან, რომ აზრი არ აქვს მათ ჩართულობას არჩევნების კამპანიაში, რადგან აგებენ 2 ოქტომბერს. ყველაფერი გამიზნულია არჩევნების მეორე დღისთვის, რომ გარკვეული პროვოკაციები მოაწყონ არჩევნების დღეს და არჩევნების მეორე დღესაც. სახელმწიფო არ დაუშვებს არავითარ პროვოკაციას. ყველა ამ შეთქმულებაში მონაწილე პირს მტერს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკლესიის, გავცემთ ძალიან მკაცრ პასუხს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეკითხვაზე, თქვენ ამბობთ, რომ დღეს ოპოზიცია წერს ყველაფერს და დესტრუქციაა მიზანი, ვინ არის ხელისუფლებაში, თუ ასეთი ძლიერი ოპოზიციაა, რატომ ხართ დარწმუნებული, რომ არჩევნებში გაიმარჯვებთ? პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა: „მე არ მითქვამს, რომ ოპოზიცია წერს, ეს არის პრიმიტიული შეფასება, და არ გამოგყვებით ამ პროვოკაციულ შეკითხვაზე. თქვენი ხელწერა „ნაცმოძრაობის“, სააკაშვილის და სამწუხაროდ, სხვა მოღალატეებიც შეუერთდნენ სააკაშვილს დიდ გუნდს, არის ფალსიფიკაცია და ფაბრიკაცია, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით“.
მისივე თქმით, პროკურატურამ გუშინ განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება და ყველა ვერსიას დაამუშავებენ. მათ შორის იმ ვერსიას, ხომ არ არის თეორიულად შესაძლებელი, ჩართული იყვნენ გახარია, ხოჯევანიშვილი, რომელიც კურირებდა ძალიან მნიშვნელოვან დანაყოფებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და წვდომა ჰქონდათ დიდ ინფორმაციაზე, მათ შორის – მოსმენების სამსახურზე.
„ამაზე სპეკულირება მე არ მსურს, არ მსურს წინასწარი დასკვნები გავაკეთო. ჩვენ, ყველანი უნდა დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება დაადგენს, ეს არის ფალსიფიკაცია, ფაბრიკაცია, თუ სხვა უფრო მძიმე დანაშაულთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.