ირაკლი ღარიბაშვილი - პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციის, ადამიანის უფლებათა კუთხით, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შედეგია
პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად, ქვეყანაში განხორციელებული ძირეული რეფორმების შედეგია, რომლის ობიექტური საზომიც არაერთი მონიტორინგის მექანიზმია როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა კონფერენციაზე „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“.
„ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ მაღალი დონის კონფერენციაზე, რომელიც აერთიანებს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების იუსტიციის სამინისტროებს, პენიტენციური და პრობაციის სამსახურების, ასევე სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მიხარია, რომ თბილისი პირველად მასპინძლობს ასეთი მაღალი დონის კონფერენციას. მინდა, მადლობა გადავუხადო რატი ბრეგაძეს ამ კონფერენციის ორგანიზებისთვის. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია დღევანდელი შეკრება, ვინაიდან ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია, შევაჯამოთ ამ სფეროში არსებული მიღწევები, გამოწვევები ზოგადად. მე მივესალმები 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს, რომლებიც ჩამოვიდნენ თბილისში. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას მონაწილეობისთვის.
ძვირფასო მეგობრებო, მინდა, გითხრათ, რომ 10 წლის წინ საქართველოში სერიოზული გამოწვევები იდგა სამართლის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, განსაკუთრებით კი, ციხეებში არსებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკის სახით. ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა ამ მძიმე მემკვიდრეობიდან, რომელიც დაგვხვდა პენიტენციურ სისტემაში, ქვეყანა გარდაექმნა რეალურად დემოკრატიილ სახელმწიფოდ, სადაც ადამიანი და მისი უფლებების დაცვა არის უზენაესი. პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია, დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად, ქვეყანაში განხორციელებული ძირეული რეფორმების შედეგია, რომლის ობიექტური საზომიც არაერთი მონიტორინგის მექანიზმია როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ამ მხრივ ყველაზე მკაფიო ინდიკატორი სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკაა, რომლის მიხედვითაც, ევროპულ სასამართლოს 2012 წლის შემდეგ საქართველოს პენიტენციური სისტემიდან გაგზავნილი არცერთი საქმე არ მიუღია წარმოებაში, რაც ადასტურებს პატიმართა უფლებების ქვეყნის შიგნით დაცვის უმაღლეს სტანდარტს“, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მკვეთრად შემცირდა საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში არსებული საქმეების საერთო რაოდენობაც.
„2011 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი იყო, წარმოებაში იყო 3000-ზე მეტი საქმე და, შედარებისთვის, 2023 წლის იანვრის მდგომარეობით, ეს რიცხვი 147-მდე შემცირდა, რაც 20-ჯერ ნაკლებია 2011 წლის მონაცემებზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.