ირაკლი ღარიბაშვილი - პროფესიულ განათლებას მეტი მხარდაჭერა ექნება, მომდევნო წლებში ამ მიმართულებით დაახლოებით 550 მლნ-ის გამოყოფას ვაპირებთ
ვიზიარებ თქვენს იდეას, რომ ონლაინსწავლების რეგიონულ ჰაბად უნდა ჩამოყალიბდეს ქვეყანა და მზად ვართ, ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშაოთ კიდევ უფრო მეტად, ყველა მუნიციპალიტეტში უნდა შეიქმნას მაღალი დონის პროფესიული სასწავლებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროფესიულ განათლებას მაქსიმალურად მეტი ყურადღება და მხარდაჭერა ექნება.
„ამაზე ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ, ეს არის ერთგვარი პრობლემა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისა, სადაც დიპლომებს მეტი ყურადღება ექცეოდა, ვიდრე რეალურად განათლებას, ამიტომ პროფესიულ განათლებას მაქსიმალურად მეტი ყურადღება და მხარდაჭერა ექნება ჩემი მხრიდან. შესაბამისი დაფინანსებაც გამოიყოფა, გეგმის მიხედვით დაახლოებით 550 მლნ-ის გამოყოფას ვაპირებთ მომდევნო წლებში ამ მიმართულებით. დაწყებული გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საპილოტე პროექტები, იგივე ყვარელში, თელავში, მათ შორის, საფრანგეთის შესაბამის პროფესიულ სასწავლებელთან ერთად ვმუშაობთ და მათთან ერთად ვაპირებთ, აღნიშნული პროექტები განვახორციელოთ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.