ირაკლი ღარიბაშვილი - პროექტი „ჯარის ქალაქი“ დასრულებულია, დღეს საზეიმოდ გადავცემთ ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს ბინებს, სახელმწიფოს ვალია, რომ მათი თავდადება მაქსიმალურად დაფასდეს
პროექტი „ჯარის ქალაქი“ დასრულებულია და დღეს საზეიმოდ გადავცემთ ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს ბინებს. სახელმწიფოს ვალია, რომ მათი თავდადება მაქსიმალურად დაფასდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებისთვის „ჯარის ქალაქში“ ბინების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პროექტი „ჯარის ქალაქი“ არ არის ერთჯერადი პროექტი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პროექტი განგრძობითი ხასიათის იქნება.
„მინდა, ყველას მოგილოცოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის დასრულება. „ჯარის ქალაქი“ დასრულებულია და ჩვენ დღეს საზეიმოდ გადავცემთ ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს და მათ ოჯახებს ამ ლამაზ ბინებს.
ვარ უზომოდ ბედნიერი და გახარებული, რომ კიდევ ერთი ჩვენ მიერ დაწყებული საქმე და პროექტი დასრულებულია. ჩემი მინისტრობის დროს მე გამოვაცხადე, რომ ჯარს ყველაფერი საუკეთესო ეკუთვნის და დავიწყეთ ეტაპობრივად ყველა საკითხის მოგვარება, მოწესრიგება. იქნებოდა ეს ბაზების რეაბილიტაცია, აღჭურვილობის შეძენა თუ ნებისმიერი საკითხის მოგვარება და, რაც მთავარია, ერთ-ერთი მთავარი პროექტი იყო სწორედ „ჯარის ქალაქის“ რეალიზება. იცით, რომ ეს პროექტი ძალიან მოკლე ვადებში შესრულდა. მინდა, მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელობას, მშენებლებს, ყველას, ვინც ამ პროექტში იღებდა მონაწილეობას, მადლობა გადავუხადო. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ უპრეცედენტო პირობები შევთავაზეთ ჩვენს საამაყო ჯარს. მიხარია, რომ დღეს ეს პროექტი დასრულდა, მაგრამ მინდა, გამოვაცხადო, რომ ეს არ არის ერთჯერადი პროექტი. ეს გაგრძელდება და, რა თქმა უნდა, ანალოგიური პროექტი ძალიან მალე შეიქმნება.
ჩვენი, სახელმწიფოს ვალია, თქვენი სამსახური, ეს თავდადება დავაფასოთ მაქსიმალურად, სამხედროების სამსახური არის ფასდაუდებელი და ჩვენ, ყველანი, პირველ რიგში, ხელისუფლება არის ვალდებული, რომ მაქსიმუმი გააკეთოს თქვენთვის, რათა დაფასდეს თქვენი სამსახური ჩვენი ქვეყნის წინაშე, თქვენი თავდადება, გმირობა. მე კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი თქვენ წინაშე, თქვენი გმირობის წინაშე. მინდა, მადლობა გადავუხადო თქვენს ოჯახებს, თქვენს მეუღლეებს, მშობლებს, შვილებს და კიდევ ერთხელ გისურვოთ მშვიდობა და გამარჯვება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სამხედრო მოსამსახურეებს „ჯარის ქალაქში“ ბინები დღეს გადაეცათ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მახათას მთაზე სამხედროებისთვის 39 7-სართულიანი კორპუსი აშენდა, რომელშიც 1092 ბინა განთავსდა. სამხედროებმა 50მ2 (2-3 წევრი), 80მ2 (4 წევრი) და 110მ2-იანი (5 და მეტი წევრი) საცხოვრებელი ფართის შეძენა, სულადობის პრინციპის გათვალისწინებით, უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლეს. საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის ღირებულება 200 დოლარს შეადგენდა.
მახათას მთაზე ჯარისთვის ყველაზე ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება 2020 წლის შემოდგომაზე დაიწყო. 5 ოქტომბერს მშენებლობისთვის საძირკველი პრემიერ-მინისტრმა და მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, სამხედროების ბავშვებთან ერთად, სიმბოლურად, კაფსულის ჩადებით აღნიშნეს.