ირაკლი ღარიბაშვილი - პროექტი „ჩვენი ჯარი“ 1 102 სკოლაში საპილოტე ფორმატშია დაწყებული
ჩვენ მიგვაჩნია, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები სკოლებში უნდა ისწავლებოდეს, – ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სტუმრობისას გააკეთა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ახალგაზრდებისთვის ჯარის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„1102 სკოლაში პროექტი ჩვენი ჯარი უკვე საპილოტე ფორმატში დაწყებულია და ეს პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდება. აღნიშნული პროექტი მეათე კლასელებისთვის არის გამიზნული. მიგვაჩნია, რომ ზოგადად, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები უნდა ისწავლებოდეს სკოლებში. ამ საკითხებში თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. 2020-2021 წლებში კიდევ უფრო გავააქტიურებთ ამ პროგრამას და ვფიქრობთ, რომ ეს პროგრამა უნდა იყოს ნებაყოფლობითი. ეს არის ეროვნული იდეოლოგიის საკითხები და არ არის მხოლოდ ჩვენი სამინისტროს პრეროგატივა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გამოვძებნოთ საერთო კონსენსუსი და ჩამოვაყალიბოთ უფრო საერთო ეროვნული მასშტაბის იდეოლოგია, რომელიც მოიცავს მათ შორის, ჯარის შესახებ ინფორმაციის ცოდნის გადაცემას ბავშვებისთვის და სწორ, ჯანსაღ საწყისებზე ბავშვების აღზრდას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.