ირაკლი ღარიბაშვილი - პოლონეთი საქართველოს გამორჩეული მეგობარი და პარტნიორია, რომელთანაც გვაკავშირებს სტრატეგიული თანამშრომლობა, მჭიდრო ურთიერთობები მთელი რიგი მიმართულებებით
პოლონეთი საქართველოს გამორჩეული მეგობარი და პარტნიორია, რომელთანაც გვაკავშირებს სტრატეგიული თანამშრომლობა და მჭიდრო ურთიერთობები მთელი რიგი მიმართულებებით. ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში და ვართ დაინტერესებული, მოტივირებულები, რომ კიდევ უფრო განვავრცოთ ჩვენი მრავალგანზომილებიანი ურთიერთობები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავიეცკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო აფასებს პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი.
„მოგესალმებით, მივესალმები ჩემს ძვირფას კოლეგას პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, ბატონ მათეუშ მორავიეცკის, რომელიც პირველი ვიზიტით იმყოფება საქართველოში. პოლონეთი საქართველოს გამორჩეული მეგობარი და პარტნიორია, რომელთანაც გვაკავშირებს სტრატეგიული თანამშრომლობა და მჭიდრო ურთიერთობები მთელი რიგი მიმართულებებით. ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში და ვართ დაინტერესებული, მოტივირებულები, რომ კიდევ უფრო განვავრცოთ ჩვენი მრავალგანზომილებიანი ურთიერთობები. ვაფასებთ პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი. ჩვენი ხალხების საერთო ისტორიაში თავისუფლებისთვის ბრძოლაში სოლიდარობის და ურთიერთთანადგომის არაერთი მაგალითია. საქართველო და პოლონეთი ყოველთვის იდგა გვერდიგვერდ მძიმე წუთებში. ჩვენ, ქართველებს არასოდეს დაგვავიწყდება პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის გმირობის ტოლფასი საქციელი, როდესაც იგი, ევროპელ ლიდერებთან ერთად, ჩამოვიდა თბილისში 2008 წლის აგვისტოში, მაშინ, როცა ჩვენ გვქონდა ფართომასშტაბიანი ომი რუსეთის ფედერაციასთან და დადგა ჩვენი ხალხის გვერდით, მან გაუკეთა ორგანიზება ევროპელი ლიდერების ჩამოყვანას, მან პირადად ჩამოიყვანა ევროპელი ლიდერები თბილისში, რათა დამდგარიყო ჩვენი ხალხის გვერდით. ამას თითოეული ქართველი ძალიან აფასებს, ჩვენ გვახსოვს და ვართ მადლიერნი“,- აღნიშნა პრემიერმა.