ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკისა და პროგრამების საკითხებში USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილეს, იზაბელ კოულმენს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკისა და პროგრამების საკითხებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილეს იზაბელ კოულმენს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა იზაბელ კოულმენს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა, თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ წელს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე აღინიშნება და ითქვა, რომ ორ ქვეყანას დღეს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე დაფუძნებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ.
პრემიერ-მინისტრმა აშშ-ს მადლობა გადაუხადა იმ ურყევი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, რომელიც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიულ გაძლიერებაში, საიმედო და ქმედუნარიან პარტნიორად ჩამოყალიბებაში დაეხმარა. მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების უახლოესი და საიმედო პარტნიორია და მოწოდებულია, სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს თანამშრომლობის ყველა სფეროში. განსაკუთრებულად აღინიშნა USAID-ის ფასდაუდებელი წვლილი საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში, ეკონომიკური ზრდისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და შედეგად უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ უიბლერი, სპეციალური თანაშემწე ემილი გრინი და საქართველოში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი უილიამ სიბერი, ხოლო საქართველოს მხრიდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ.