ირაკლი ღარიბაშვილი - პოლიციის უზარმაზარი რესურსი ცდება დესტრუქციული ჯგუფების დევნაში, ყოველ ასეთ გამოვლინებაზე ძალიან მკაცრი პოლიტიკა გვექნება, არავითარ კომპრომისს აღარ დავუშვებთ
პოლიციის უზარმაზარი რესურსი ცდება დესტრუქციული ჯგუფების დევნაში, იქმნება ქოსის და დესტაბილიზაციის ფონი, ჩვენ ყოველ ასეთ გამოვლინებაზე ძალიან მკაცრი პოლიტიკა გვექნება, არავითარ კომპრომისს აღარ დავუშვებთ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ღარიბაშვილის განცხადებით, პოლიციის მიმართ ნებისმიერი გადაცდომა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და კანონის ფარგლებში სამაგალითოდ დასჯილი.
„კარგად მოგეხსენებათ, რაოდენ მძიმე სამუშაოს ეწევიან პოლიციელები. თუნდაც პენიტენციურ დაწესებულებებში და აშ.. ყველგან. ამ ადამიანებს მოფრთხილება და ხელის გულზე ტარება სჭირდებათ. მძიმე სამუშაოს ემატება პრობლემები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს. ამას ემატება ის, რომ დესტრუქციული ჯგუფები პირდაპირ პროვოცირებენ პოლიციელებზე. ჩვენი პოლიციის უზარმაზარი რესურსი ცდება ამ დესტრუქციული ჯგუფების დევნაში. საბოლოო ჯამში, ქოსის და დესტაბილიზაციის ფონი იქმნება. ამიტომ, ჩვენ ყოველ ასეთ გამოვლინებაზე ძალიან მკაცრი პოლიტიკა გვექნება. არავითარ კომპრომისს აღარ დავუშვებთ. პოლიციის მიმართ ნებისმიერი გადაცდომა იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი და კანონის ფარგლებში სამაგალითოდ დასჯილი. რაც შეეხება სოციალურ პაკეტებს, წეღან ვახსენე, რომ ბატონ ვახტანგთან მქონდა საუბარი ამის თაობაზე. მას აქვს იდეები, რომელიც საჭიროებს მთავრობის მხრიდან მხარდაჭერას და მე მზად ვარ, რომ მის უწყებას მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინო და დავიწყოთ მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამების განხორციელება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.