ირაკლი ღარიბაშვილი - „პოლიციის ქალაქში“ განთავსებულ ბინებში პოლიციელები გადაიხდიან სიმბოლურ ფასს, კვადრატულ მეტრში დაახლოებით 300 ლარს, დანარჩენს დაფარავს სახელმწიფო, შს სამინისტრო
„პოლიციის ქალაქში“ განთავსებულ ბინებში პოლიციელები გადაიხდიან სიმბოლურ ფასს, კვადრატულ მეტრში დაახლოებით 300 ლარს, დანარჩენ ხარჯებს მთლიანად დაფარავს სახელმწიფო, შს სამინისტრო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეს პროექტი არ იქნება ერთჯერადი, „პოლიციის ქალაქების“ მშენებლობა გაგრძელდება მომავალშიც და არის სურვილი, რომ ეს საკანონმდებლო დონეზეც იქნას გარანტირებული.
„მიხარია, რომ ვახტანგ გომელაურთან ერთად მონაწილეობა მივიღე ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში. მოგეხსენებათ, ჩვენი გადაწყვეტილებით, დავიწყეთ „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა, რომელიც გათვლილი იქნება ათასზე მეტ პოლიციელზე. დაწყებული არის უკვე სამუშაოები, მშენებელი კომპანია გვპირდება, რომ დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება სამუშაოები და ათას პოლიციელს გადავცემთ ბინებს.
პოლიციელები გადაიხდიან სიმბოლურ ფასს, კვადრატულ მეტრში დაახლოებით 300 ლარს, დანარჩენ ხარჯებს მთლიანად დაფარავს სახელმწიფო, სამინისტრო. მინდა, ვაცნობო ჩვენს საამაყო, გმირ პოლიციელეებს, რომ ეს პროექტი არ იქნება ერთჯერადი, პოლიციის ქალაქების მშენებლობა გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენი სურვილია, რომ ეს საკანონმდებლო დონეზეც იქნას გარანტირებული.
მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენს გმირ, საამაყო პოლიციელებს მადლობა ვუთხრა ყველაფრისთვის, იმისთვის, რომ იცავენ ჩვენ ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ ყველაფერი საუკეთესო გავუკეთოთ ჩვენს პოლიციელებს, კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ვახტანგს და თითოეულ პოლიციელს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე დღეს „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა.