ირაკლი ღარიბაშვილი - პოლიციელებზე ზრუნვა იყო, არის და იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი
პოლიციელებზე ზრუნვა იყო, არის და იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა პოლიციელებს მადლობა გადაუხადა.
„მინდა, ჩვენს საამაყო პოლიციას მადლობა ვუთხრა და აქვე, მინდა, გავიხსენო, როგორ იქცეოდნენ ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედი მტრული ძალები. ეს არის შიდა მტრების მიერ დაგეგმილი ქმედებები. რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ პოლიციის ქალაქის მშენებლობა. აქაც 1 000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს პოლიციის ქალაქში ბინას. აქაც გვინდა, რომ ეს არ იყოს ერთჯერადი აქცია, არამედ უნდა იყოს განგრძობადი და ჩვენს პოლიციელებს უნდა ჰქონდეთ სტაბილურობის განცდა, სოციალური გარანტიები. ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პოლიციელების დაფასებას და გაძლიერებას. 1 200-ზე მეტი ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალება გადავეცით პოლიციას, შეიძინა სამინისტრომ ბოლო ორ წელიწადში. აქტიურად მიმდინარეობს მათი ბაზების, პოლიციის შენობების განახლება. ასევე, სამი ახალი ვერტმფრენის შესყიდვაზე გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომელიც ეტაპობრივად ჩამოვა. სამაშველო ვერტმფრენებზეა საუბარი, ევროპული ტიპის „ეარბასის“ ვერტმფრენებზეა საუბარი. პოლიციელებზე ზრუნვა იყო, არის და იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.
ხელფასები ჯარში და პოლიციაში 30-40%-ით არის გაზრდილი უკვე ბოლო ორ წელიწადში, იანვარში კიდევ გაიზრდება 10%-ით. ჯამში 40-50%-იანი ზრდა გამოვა სულ რაღაც სამ წელიწადში, ჩვენი ძალოვანი უწყებების თანამშრომლებისთვის, ისევე როგორც სხვა საჯარო მოხელეებისთვის, გახსოვთ, დავიწყეთ ხელფასების 10%-იანი მატება. ახლა, იანვარშიც რომ მოვუმატებთ, ხელფასების 30%-იანი მატება გამოდის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.