ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციელებს მიმართავს - მინდა, მადლობა გითხრათ თქვენი სამსახურისთვის, თავდადებისთვის, პროფესიონალიზმისა და თავგანწირვისთვის
ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენი მინისტრობა, თქვენთან ერთად მუშაობა და თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მსახურება. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი, ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი პერიოდი ჩემს პოლიტიკურ საქმიანობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა თოთოეულ პოლიციელს გაწეული სამსახურისთვის, თავდადებისა და პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა.
„მივესალმები საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მივესალმები ჩვენს გმირ პოლიციელებს. მინდა, მადლობა გითხრათ თქვენი სამსახურისთვის, თქვენი თავდადებისთვის, პროფესიონალიზმისთვის, თქვენი თავგანწირვისთვის. მინდა, მადლობა გითხრათ თქვენი გმირობისთვის. მადლობა თქვენს მშობლებს, მეუღლეებს, შვილებს. ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენი მინისტრობა, თქვენთან ერთად მუშაობა და თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მსახურება. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი, ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი პერიოდი ჩემს პოლიტიკურ საქმიანობაში. ყველაზე კარგად გავიგე იმ დროს, თუ რას ნიშნავს, იყო პოლიციელი. ძალიან კარგად ვიცი, თუ რაოდენ მძიმე არის თქვენი შრომა, თქვენი 24-საათიანი სამსახური ჩვენი ხალხისა და ქვეყნის წინაშე. ამისთვის ჩვენ მადლობას გეუბნებით. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის დამცველები. თქვენ უზრუნველყოფთ ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოებას, ჩვენი ხალხის, თითოეული მოქალაქის მშვიდ ძილს, კანონის უზენაესობას, საზოგადოებრივ წესრიგს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.