ირაკლი ღარიბაშვილი - პირობას ვაძლევ ყველას, რომ ეს გაუგებრობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აუცილებლად აღმოიფხვრება
ირაკლი ღარიბაშვილი - პირობას ვაძლევ ყველას, რომ ეს გაუგებრობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აუცილებლად აღმოიფხვრება

ვაძლევ პირობას ყველას, რომ ეს გაუგებრობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აუცილებლად აღმოიფხვრება და ყველა კითხვას გავცემთ პასუხს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო მდივნისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებებთან დაკავშირებით.

ღარიბაშვილის თქმით, საკითხზე საჭიროა მეტი კომუნიკაცია, მეტი ურთიერთობა და მეტი ახსნა-განმარტება.

„უკმაყოფილება არის გამოხატული სასამართლოსთან მიმართებაში, მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ჩვენმა ხელისუფლებამ, როცა მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს, გავაკეთეთ ძალიან დიდი რეფორმა საქართველოში, რომლის შედეგად უდიდესი პროგრესი იყო მიღწეული სასამართლოში. 2012 წლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ჩვეულებრივი დანაყოფი. სამწუხაროდ, არ მომისმენია არასდროს, არც ამერიკის, არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელი სასამართლოს მიმართ, რაც თქმა უნდა, სამწუხაროა და არ არის სამართლიანი. მეორე მხრივ, ამ პროცესს ვაგრძელებთ. განვაცხადეთ, რომ ვაგრძელებთ სასამართლოს ფართომასშტაბიან რეფორმას, რომელიც არის განგრძობითი პროცესი. არ ვამბობთ, რომ ვართ იდეალური და უშეცდომონი, მაგრამ ეს არის პროცესი. რაც გავაკეთეთ რვა წელში, არის როგორც დღე და ღამე. იყო ღამე, გახდა დღე, ნათელი. ამასთან, სასამართლოს დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის კუთხით, ვუსწრებთ ევროკავშირის ძალიან ბევრ ქვეყანას. ჩვენი მოქალაქეების მხრიდან სასამართლოს ნდობის მხრივ ვართ მოწინავე რიგებში ევროკავშირის მასშტაბით. ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს რაიმე შეკითხვა და გარკვეული გაუგებრობა შეიქმნას. ვაძლევ პირობას ყველას, რომ ეს გაუგებრობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აუცილებლად აღმოიფხვრება და ყველა კითხვას გავცემთ პასუხს. საჭიროა მეტი კომუნიკაცია, მეტი ურთიერთობა და მეტი ახსნა-განმარტება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეჩერება გამჭვირვალე მართლმსაჯულების რეფორმის ჩატარებამდე.

ამასთან, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ღრმადაა შეწუხებული საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დამტკიცების გამო, რაც ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას.

თავის მხრივ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობის განცხადებები არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის შეშფოთების გამომხატველი გზავნილები, რაც ძალიან სერიოზულად უნდა იყოს აღქმული.