ირაკლი ღარიბაშვილი - პირადად ვუწევ კოორდინაციას პროცესს, რათა დროულად და ეფექტიანად შეივსოს ევროკავშირის კითხვარი და გადაეცეს ევროკომისიას, ეს მოხდება მაისში
პირადად ვუწევ კოორდინაციას პროცესს, რომ დროულად და ეფექტიანად მოხდეს ევროკავშირის კითხვარის შევსება და ევროკომისიისთვის გადაცემა, ეს მოხდება მაისის თვეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მთავრობა, პარლამენტი და ყველა სახელმწიფო შტო ჩართულია კითხვარის შევსების პროცესში.
„გუშინ მქონდა შესაბამისი კომისიის სხდომა. ვხელმძღვანელობ იმ კომისიას, რომელიც უკავშირდება ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. გუშინ განვიხილეთ აღნიშნული კითხვარის შესახებ ყველა საკითხი. ეს კითხვარი ჩვენ მივიღეთ ორშაბათს, 11 აპრილს, გადაეცა საგარეო საქმეთა მინისტრს. ყველა უწყება მობილიზებულია, რომ მაქსიმალურად დროულად შეივსოს ეს კითხვარი და დროულად მივაწოდოთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს და მეგობრებს.
მოლოდინი არის პოზიტიური, აქ რაიმე პრობლემური საკითხი არ არსებობს. არის კითხვები, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მოწყობას, განვითარებას, ზოგადად, იმ რეფორმებს და პროგრესს, რომელსაც მივაღწიეთ და ასევე, რომელიც გვაქვს დასახული. მთელი მთავრობა, პარლამენტი, ყველა სახელმწიფო შტო ჩართულია ამ პროცესში. მე პირადად ვუწევ კოორდინაციას იმისთვის, რომ დროულად და ეფექტინად მოხდეს ამ კითხვარის შევსება და ევროკომისიისთვის გადაცემა. ეს მოხდება მაისის თვეში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.