ირაკლი ღარიბაშვილი - პირადად ვთქვი, რომ არ დავუშვებთ არც ერთი სანქცირებული ინდივიდისა თუ კომპანიის ოპერირებას საქართველოში, ფაქტების გარეშე ნებისმიერი ბრალდება არის უპასუხისმგებლო პროპაგანდა
მორიგი სრული ბოდვა, ცილისწამება, უპასუხისმგებლობა და ბინძური პროპაგანდა. სხვა რა შეიძლება ითქვას. ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს საჯაროდ, იცით, რომ სრულ კოორდინაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან ერთად და მე პირადად ვთქვი, რომ არ დავუშვებთ არც ერთი სანქცირებული ინდივიდისა თუ კომპანიის ოპერირებას საქართველოში, იმისთვის, რომ მათ გამოიყენონ ჩვენი ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებას ეხებოდა იმის შესახებ, რომ საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთს, აუაროს გვერდი სანქციებს.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ფაქტების გარეშე, ნებისმიერი ცილისწამება, ბრალდება არის უპასუხისმგებლო პროპაგანდა.
„ეს გაცხადებული ჩვენი მიზანი და პოლიტიკაა. მუდმივ რეჟიმში გვაქვს ინფორმაციის გაცვლა ჩვენს პარტნიორებთან და ამაზე, რა თქმა უნდა, არავითარი კითხვა არ უნდა არსებობდეს, მით უმეტეს, არცერთი მტკიცებულება, არცერთი ფაქტი არ წარმოუდგენია უკრაინულ მხარეს. ეს რაზე მიუთითებს – რაზეც მე გითხარით, მესმის, რომ არიან გაწბილებულები, რომ ვერ მიიღეს მეორე ფრონტი და ვერ მიიღებენ, იმიტომ, რომ ვფიქრობთ ჯერ ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე. ჩემთვის მთავარი ეს არის, რომ ვიფიქროთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე. ყველაზე დიდი ტრაგედია, უბედურება არის, რომ პოლიტიკოსები ფიქრობენ არა საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე, არამედ სხვის ინტერესებზე, ეს არის უბედურება, ამაშია ჩვენი ტრაგედია. ფაქტების გარეშე, ნებისმიერი ცილისწამება, ბრალდება არის უპასუხისმგებლო პროპაგანდა და ჩვენ ეს კარგად ვიცით. არ მინდა საჯაროდ ბევრი რამ ვთქვა, მაგრამ ჩვენ მოვთხოვეთ უკრაინულ მხარეს, რომ წარმოედგინა მტკიცებულებები. ჩვენი წყაროებით დადასტურებული ინფორმაცია მივიღეთ, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური განცხადება, რომელსაც არავითარი საერთო არ ჰქონდა სიმართლესთან, რომ თითქოს ვეხმარებით სანქციების გვერდის ავლაში. ეს არის უპასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია. გვესმის, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. კიდევ ერთხელ, სოლიდარობა მინდა გამოვხატო ჩვენი უკრაინელი მეგობრების, ხალხის მიმართ. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ კიდევაც. საქართველომ და ქართველმა ხალხმა აჩვენა ყველაზე ძლიერი ხასიათი. მთელი ერი მობილიზდა და 190 ერს შორის ყველაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ უკრაინაში. ეს არის ჩვენი დიდი ერი, ძლიერი ხალხი“, – განაცხადა პრემიერმა.