ირაკლი ღარიბაშვილი - პირადად ვიქნები ჩართული თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებაში, პირადად გავაკონტროლებ ყველა შეუსრულებელ დაპირებასაც, ყველა შექმნილ პრობლემას, რომელიც წინა წლებში იყო დაგროვილი
არავითარი აზრი არ აქვს თუნდაც ანზორ მელიას გამარჯვებას ზუგდიდში და რატომ – რა უნდა გააკეთოს ანზორ მელიამ, რასაც მე ვერ გავუკეთებ მათ. მე რასაც ვეტყვი, ჩემს სიტყვას საქმეს მოვაყოლებ და ყველაფერს გავუკეთებ იმისთვის, რომ რეალური საქმე გაკეთდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის პირადად იქნება ჩართული თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში.
„ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში ვიგებთ არჩევნებს. ყველაზე მეტი აქცენტი ჰქონდათ ზუგდიდზე. ახლა ზუგდიდშიც ნახეს, გაზომეს, რომ იქაც აგებენ და ამიტომ გააყალბეს და გაყალბებული მონაცემები გამოაქვეყნეს. აბსოლუტურად ყველგან ვიგებთ არჩევნებს. მინდა, მოსახლეობას და მათ შორის, სააკაშვილის ამომრჩევლებს მივმართო. რა თქმა უნდა, მისგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს სხვა დამოკიდებულება მისი ამომრჩევლის მიმართ, იმიტომ, რომ ისინი ჩვეულებრივი მოქალაქეები, ჩვენი თანამოქალაქეები არიან და აბსოლუტური პატივისცემა მინდა, დავადასტურო იმის მიუხედავად, რომ მათ ჩვენს მიმართ განსხვავებული შეხედულება აქვთ. მაგრამ, მე, როგორც ამ ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის პრემიერ-მინისტრმა, მინდა, მათ ვუთხრა, რომ არავითარი აზრი არ აქვს თუნდაც ანზორ მელიას გამარჯვებას ზუგდიდში და რატომ – რა უნდა გააკეთოს ანზორ მელიამ, რასაც მე ვერ გავუკეთებ მათ. მე რასაც ვეტყვი, ჩემს სიტყვას საქმეს მოვაყოლებ და ყველაფერს გავუკეთებ იმისთვის, რომ რეალური საქმე გაკეთდეს და არ იყოს დაპირისპირება, ბოიკოტი, ქაოსი და ალიაქოთი“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.