საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილიც ესწრებოდა.
განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის პარტიაში დაბრუნების შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გააკეთა.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს.
„დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, თანამდებობებზე პარტიის მდივნების დანიშვნის თაობაზე. შემოვიღეთ პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის თანამდებობა, აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ვოლსკი.
აქტიურ პარტიულ საქმიანობას უბრუნდება ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც დაიკავებს პარტიის პოლიტიკური მდივნისა და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის თანამდებობას. ყველასთვის ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის გამორჩეული თვისებებისა და გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელიც 2011 წლიდან მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დაფუძნებასა და ჩამოყალიბებაში. მან პრემიერ-მინისტრისა და პარტიის თავმჯდომარის რანგში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაში. პოლიტიკური მდივნის რანგში ირაკლი ღარიბაშვილი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პარტიის შემდგომ გაძლიერებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 24 დეკემბრამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო, მანამდე კი, 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2013 წლის 17 ნოემბრამდე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.