ირაკლი ღარიბაშვილი - პანდემიის დამარცხების გზა მხოლოდ ვაქცინაციაზე გადის, აცრა გვიცავს სიკვდილისგან
პანდემიის დამარცხების გზა მხოლოდ ვაქცინაციაზე გადის, აცრა გვიცავს სიკვდილისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხელ ჩხენკელსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.
ვაქცინაციის ცენტრში მოქალაქეებს აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ცოცხალი რიგის პრინციპით შეუძლიათ. რეგიონში იმუნიზაციის მიმდინარეობასა და მოქალაქეების აქტივობაზე ინფორმაცია პრემიერ-მინისტრს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ მიაწოდა. მისი განმარტებით, უკვე ადმინისტრირებულია 98 ათასზე მეტი დოზა ვაქცინა და მოსახლეობის 15% ერთი დოზით მაინც აცრილია.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 ამცრელი ბრიგადა მუშაობს, რომლის დღიური გამტარობა 800-1000 პაციენტია, ხოლო რეგიონის მასშტაბით 60 ამცრელი ბრიგადა ოპერირებს.
მთავრობის მეთაური მოქალაქეებსა და ამცრელ ბრიგადებს გაესაუბრა, რომელთა შორის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც არიან და ხაზი გაუსვა ვაქცინაციის მნიშვნელობას.
პრემიერმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ენდონ მეცნიერებს და მეცნიერებას, ვინაიდან ვაქცინა სრულიად უსაფრთხოა.