საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გურიაში რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ოზურგეთის ტექნოპარკში იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურმა ტექნოპარკი დაათვალიერა, სტარტაპერებს შეხვდა და მათი საქმიანობითა და ინოვაციური იდეებით დაინტერესდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ოზურგეთში ტექნოპარკი 2022 წლის იანვარში გახსნა.
ოზურგეთის ახალ ტექნოპარკში წარმოდგენილია სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (ფაბლაბი) – უახლესი დანადგარებით: მაღალი წარმადობის 3D პრინტერი, ლაზერული მჭრელი, პროგრამირებადი ჩარხი, CNC აპარატი, პლატების საბეჭდი როუტერი, 3D სკანერი და სხვა. მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტებული ლაბორატორიული სივრცე დაეხმარება დაინტერესებულ პირებს მოდელირებასა და პროტოტიპირებაში. ამასთან, ტექნოპარკი აერთიანებს სასწავლო ცენტრს, საერთო სამუშაო სივრცეს (co-working), სტარტაპებისა და ე.წ. „ფრილანსერებისათვის,“ სადაც შესაძლებელია, გარკვეული პირობებით, სამუშაო ადგილის მიღება, საკუთარი იდეის თუ სტარტაპის გასავითარებლად.
ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.