ირაკლი ღარიბაშვილი - ოპოზიციის წარმომადგენლებო, ერთადერთი ხსნა გაქვთ, თავმჯდომარედ აირჩიოთ კლოუნი ხაბეიშვილი
ოპოზიციის წარმომადგენლებო, ერთადერთი ხსნა გაქვთ, თავმჯდომარედ აირჩიოთ კლოუნი ხაბეიშვილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, „ათი წელია, ასეთი დასუსტებული, დაქსაქსული და დეგრადირებული რადიკალური ოპოზიცია არ მინახავს“.
„პირველ რიგში, მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ. აქვე არ შემიძლია, არ ვთქვა კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი არაერთგზის მცდელობისა, რომ რაიმენაირად შეგვეცვალა ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ეს ანტისახელმწიფოებრივი, მტრული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს არის უტოპია და ყველა ჩვენი მცდელობა დასრულდა უშედეგოდ. ამიტომ ყოველგვარი ემოციებისა და ენერგიის დახარჯვის გარეშე ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ, თქვენ გიპასუხოთ სათითაოდ, რადგან თქვენს დემაგოგიას, სიცრუეს, ცილისწამებას და ფარისევლობას ჩვენ ვუპირისპირებთ სიმართლეს.სიმართლე არის ერთი, სიმართლე არის შემდეგი, რომ ჩვენ თქვენგან განსხვავებით, ვემსახურებით საქართველოს. თქვენ მინდა, დაგისვათ კიდევ ერთი კითხვა, გააცნობიეროთ კიდევ ერთხელ, ვის ემსახურებით. ასეთი დასუსტებული, დაქსაქსული, დეგრადირებული რადიკალური ოპოზიცია არ მინახავს ათი წელია, ისევე, როგორც „ქართული ოცნება“ ასეთი ერთიანი და ერთ მუშტად შეკრული, რა არის საწინდარი და საძირკველი ჩვენი ქვეყნის განვითარების. ერთადერთი ხსნა გაქვთ ოპოზიციის წარმომადგენლებო, რომ აირჩიოთ კლოუნი ხაბეიშვილი თავმჯდომარედ. დიდი გამოწვევაა, მაგრამ ეს არის თქვენი ხსნა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.